გრენლანდიის საკითხზე ევროპელ და ამერიკელ მოკავშირეებს შორის ურთიერთობა დღითი დღე იძაბება.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში საკითხმა ყურადღება ხელახლა მას შემდეგ მიიქცია, რაც NATO-ს წევრმა 8 ევროპულმა სახელმწიფომ სიმბოლური რაოდენობის ჯარისკაცებისაგან შემდგარი მისია “არქტიკული გამძლეობის” გრენლანდიაზე გაგზავნა. ტრამპმა საპასუხოდ 8-ვე სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირის წევრ 6 ქვეყანას 1-ელი ტარიფების 10%-ით გაზრდა დაუანონსა და თქვა, რომ თუ გრენლანდიის საკითხი მისთვის სასურველი სცენარით არ გადაწყდებოდა, 1-ელი ივნისიდან ტარიფების მოცულობა 25%-მდე გაიზრდებოდა.
როგორც ევროკავშირში, ისე მუქარის ადრესატ ორ ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთსა და ნორვეგიაში გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ მინისტრმა, კირ სტარმერმა დონალდ ტრამპს დაურეკა და ვითარების დეესკალაციისაკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პირველი მინისტრი საპასუხო სატარიფო ზომების მიღებას ჯერ არ განიხილავს, თუმცა აანონსებს, რომ თუ გრენლანდიის საკითხზე ოფიციალური ვაშინგტონი პოზიციას არ შეიცვლის, დიდ ბრიტანეთს შესაბამისი ზომების მიღება მოუწევს. სოციალურ ქსელში დაწერილ პოსტში სტარმერმა დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ერთეულის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა და თქვა, რომ გრენლანდიის ბედი მხოლოდ ოფიციალურ კოპენჰაგენსა და ნუუკს შორის უნდა გაირკვეს.
პრეზიდენტ ტრამპთან ბოლო კომუნიკაციის დეტალები გაასაჯაროვა ნორვეგიის პრემიერ მინისტრმა, იონას გარ სტიორემაც, რომლის მტკიცებითაც შტატების ლიდერის გრენლანდიის ანექსიით დაინტერესების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა ფაქტი, რომ მან ნობელის პრემია ვერ მიიღო. სტიორემ ასევე თქვა, რომ მშვიდობის პრემიის საკითხი ბოლო თვეებში ტრამპმა მასთან საუბრისას რამდენჯერ წამოჭრა, თუმცა მიიღო პასუხი, რომ ეს ნობელის დამოუკიდებელი კომიტეტის გადასაწყვეტი იყო და მათ საქმიანობაში ვერ ჩაერეოდა. სტიორემ დანიისა და გრენლანდიის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა ზომებს მიიღებს ოფიციალური ოსლო, თუ ტარიფები მასაც დაუწესდება.
გაცილებით ხისტი პოზიცია გამოხატეს ოფიციალურმა პარიზმა და ბერლინმა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გერმანიის ვიცე კანცლერთან ერთად განაცხადა, რომ თუ ტრამპი ტარიფებს დააწესებს, ევროკავშირის ლიდერების “ზეწოლის საწინააღმდეგო აქტის” ამოქმედების ინიციატივას წარუდგენენ. კერძოდ, საუბარია 2021 წელს შექმნილ მექანიზმზე, რომელიც სავაჭრო “ბაზუკას” სახელითაც არის ცნობილი და ითვალისწინებს საპასუხო ზომებს იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც ევროკავშირზე ზეწოლას ეკონომიკური ბერკეტებით ცდილობენ. სავაჭრო “ბაზუკას” ფარგლებში, ევროპული გაერთიანება $108 მილიარდის მოცულობის ამერიკული პროდუქციისთვის ტარიფების დაწესებას, ასევე საჯარო ტენდერებში მონაწილეობის აკრძალვას და მიმდინარე პროექტების გაყინვას განიხილავს. საკითხზე მხარეები ხვალ, 20 იანვარს ჩანიშნულ საგანგებო სხდომაზე იმსჯელებენ, რომელსაც ევროკავშირის წევრი 27-ვე წევრი ქვეყნის ლიდერი ფიზიკურად დაესწრება.
რაც შეეხება ევროპარლამენტს, ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური პარტიის, EPP-ს ხელმძღვანელმა, მანფრედ ვებერმა დააანონსა, რომ ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გასული წლის ზაფხულში ხელმოწერილი სავაჭრო შეთანხმების რატიფიცირების პროცესს გააჩერებენ, თუ აშშ პოზიციას არ შეიცვლის და გრენლანდიის ანექსიის გეგმებს არ უარყოფს.
























