მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Grok-ის სკანდალის გამო დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა მასკის X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

xAI

დიდი ბრიტანეთის მედია მარეგულირებელმა, Ofcom-მა ილონ მასკის კომპანია X-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. როგორც ირკვევა, საქმე ეხება სოციალურ მედიაში ჩაშენებულ Grok-ის AI ასისტენტს, რომელსაც ბოლო კვირებში მომხმარებლები ინტიმური სურათების შექმნისთვის იყენებდნენ. როგორც ბრიტანულ სახელმწიფო რეგულატორში აცხადებენ, კომპანიამ დაარღვია ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც X-ის მსგავს საჯარო პლატფორმებზე არალეგალური კონტენტის განთავსებას კრძალავს. მარეგულირებლის გამოძიების პარალელურად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მუშაობა დაიწყო ისეთი რეგულაციების შემოღებაზე, რომლებიც სოციალურ გვერდებზე ისეთი ე.წ. დიპ ფეიკების ატვირთვას კრძალავს, რომელშიც ადამიანების ინტიმური გამოსახულება ჩანს.

სახელმწიფო რეგულატორში მიიჩნევენ, რომ ილონ მასკის კომპანიამ კანონმდებლობა დაარღვია, როცა მის სოციალური მედიის პლატფორმაზე ისეთი AI ჩეთბოტის გამოყენება დაუშვა, რომელიც არასრულწლოვნებისა თუ ზრდასრული ადამიანების ინტიმური სურათების გენერირებას არ ზღუდავს. შეგახსენებთ, თავად Grok-ის AI ასისტენტსაც ილონ მასკის კომპანია xAI ავითარებს. თუ მარეგულირებელი დაადგენს, რომ X-მა ადგილობრივი კანონმდებლობა დაარღვია, სოციალური მედიის პლატფორმას არამარტო მსხვილი ფინანსური ჯარიმები, არამედ ქვეყნის მასშტაბით დაბლოკვაც ემუქრება.

მარეგულირებლის მიერ დაწყებულ გამოძიებას და Grok-ის გარშემო ატეხილ სკანდალს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი, კირ სტარმერი უკვე გამოეხმაურა. მან AI ასისტენტის მიერ აკრძალული მასალების გენერირებას დაუშვებელი და ამორალური უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება დამატებით ზომებს მიიღებს, რათა მოქალაქეები მსგავსი რისკებისაგან დაიცვას. საკითხს გამოეხმაურნენ X-შიც, სადაც თქვეს, რომ კომპანია სოციალურ პლატფორმაზე უკანონო კონტენტის განთავსებას მაქსიმალურად ებრძვის და ყველა სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობს, რათა დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები