მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

G&T-მა ინფლაციის პროგნოზი შეამცირა და ელის, რომ წელს რეფინანსირების განაკვეთი 8%-ზე შენარჩუნდება

საქსტატი

Galt & Taggart-მა ინფლაციის პროგნოზი კიდევ ერთხელ შეამცირა და წელს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებას ელის.

ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის მიხედვით, Galt & Taggart-ი 1.8%-იან საშუალოწლიურ ინფლაციას პროგნოზირებს, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია აქამდე არსებულ 2%-იან პროგნოზზე.

2024 წლის აგვისტოში წლიური ინფლაცია 1%-მდე შენელდა, წინა თვეში დაფიქსირებული 1.8%-ის შემდეგ. ინფლაციის შენელება ძირითადად განაპირობა ადგილობრივი ინფლაციის 1.1%-მდე შენელებამ (+1.9% წ/წ წინა თვეში) და შერეული საქონლის ფასების 1.1%-იანმა კლებამ. ამასთან, აგვისტოში შენელებული იყო იმპორტირებული ინფლაცია 3%-მდე (+3.7% წ/წ წინა თვეში). რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, აგვისტოში ასევე შემცირდა და 0.9% შეადგინა წინა თვეში არსებული 1.1%-იანი დონიდან.

რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, საინვესტიციო ბანკის ვარაუდით, მიმდინარე წელს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს უცვლელად, 8%-ზე შეინარჩუნებს.

"2024 წლის 11 სექტემბერს სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცვლელად შეინარჩუნა საბაზისო განაკვეთი 8%-ზე, რაც ასახავს სურსათისა და ენერგიის ბაზრებზე გლობალურ გაურკვევლობას, მიწოდების ჯაჭვებში და საერთაშორისო მიწოდების მუდმივ შეფერხებებს. გარდა ამისა, საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა ემატება ინფლაციურ ზეწოლას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეროვნული ბანკი ამ მაჩვენებელს 2024 წლის განმავლობაში შეინარჩუნებს",- აღნიშნულია მიმოხივლაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები