მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გთხოვენ, იმ მარწყვისთვის, რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია, შევიზღუდოთ სუვერენიტეტი - შალვა პაპუაშვილი

პარლა

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროკავშირი ვიზალიბერალიზაციას, როგორც მარწყვს, ისე წარმოადგენს და გვთავაზობს, სუვერენიტეტი მარწყვზე გავცვალოთ, თუმცა შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც 11 ივნისს ევროკავშირში ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ჩანიშნულ შეხვედრაზე დასწრებას ეხებოდა.

შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ 11 ივნისს ჩანიშნულ შეხვედრა „ტექნიკური ხასიათისაა“ და მას საგარეო საქმეთა სამინისტროს ჯგუფი დაესწრება.

„შესაბამისად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მიღებს მონაწილეობას. ეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური ხასიათის. ჩვენ ვიხილეთ წინაპირობები, რაზედაც იყო საუბარი. საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. ამაზე ჩვენ ვამბობთ, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე მოთხოვნა იყო, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული. ევროკავშირს სურს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგისა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან. ჩვენ ვთქვით, რომ ეს შეუძლებელია ჩვენი სუვერენიტეტის პატივისცემიდან გამომდინარე.

ვიზალიბერალიზაციას ჰქონდა და აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომელსაც საქართველო აკმაყოფილებდა და აკმაყოფილებს. სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ, რომ გამოიგონეს პოლიტიკური წინაპირობები, როგორიც არის მაგალითად ის, რომ საქართველომ რა კანონები მიიღოს და რა არ მიიღოს და რა კავშირშია ეს ვიზალიბერალიაზაციასთან ამას ვერავინ ხსნის, მაგალითად საქართველომ უნდა დაუშვას ევროკავშირის ფარული დაფინანსება საქართველოში - ეს არ ვიცი რა წესია. ჩვენ გთხოვენ, რომ იმ მარწყვისთვის რასაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია შევიზღუდოთ სუვერენიტეტი და დავუშვათ, რომ ბრიუსელმა აქ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები. კიდევ ერთხელ სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება.

როდესაც გეუბნებიან, რომ შენ არ უნდა გქონდეს პრეტენზია მოსთხოვო ბრიუსელს გაასაჯაროოს თავისი დაფინანსებები, იმისთვის რომ ჰქონდეს ვიზალიბერალიზაცია, ეს არის სწორედ მარწყვის სანაცვლოდ სუვერენიტეტის დათმობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ევროკავშირი 11 ივნისს, ვიზების საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთან დიალოგის გამართვას გეგმავს. საქართველოს საგარეო უწყებაში კი განაცხადეს, რომ სავიზო რეგულაციის თანახმად, შეჩერების მექანიზმის მოქმედების პერიოდში, ევროკომისიამ შესაბამის მესამე ქვეყანასთან უნდა დაიწყოს დიალოგი და 11 ივნისს საქართველოს მხარეს და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები