მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გუბერნატორები, მერები... ამათ რა არჩენს?! პატარა ქვეყანას რად უნდა ამხელა მართვა" <VIDEO>

5ebd67f6c7732
ელენე გოგბერაშვილი
14.05.20 21:40
14231
ბიზნესმენი თემურ ჭყონია „საქმის კურსთან“ ინტერვიუში იმ ბიუროკრატიულ ბარიერებზე საუბრობს, რასაც ბიზნესი სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობის პროცესში აწყდება. ჭყონია ღიად აცხადებს, რომ რიგ შემთხვევებში გადაწყვეტილებები სუბიექტურად მიიღება და არ არსებობს სტანდარტი, რომ ბიზნესმა იცოდეს, რა ვადაში ელოდოს დასტურს პროექტების განსახორციელებლად.

„ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს ბიუროკრატიისგან; როდესაც რაღაც განაცხადი შემაქვს, რაღაც პროექტის განხორციელებაზე, ვაფიქსირებ პროექტს, თანხას, უნდა ვიცოდე, რომ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხს მივიღებ ერთ თვეში, ორ თვეში. არის, როცა გადაწყვეტილებების მიღების დროს, პროექტი კი არ არის მნიშვნელოვანი ზოგიერთ შემთხვევაში, არამედ ვინ აკეთებს ამ პროექტს, ამას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ“, - აცხადებს ბიზნესმენი.

ჭყონიას აზრით, ბიუროკრატიული აპარატი, რომელიც ქვეყანას მართავს, უნდა შემცირდეს და გამოთავისუფლდეს საკმაოდ სოლიდური თანხები, რასაც სახელმწიფო ამ ბიუროკრატიის შენახვისთვის ხარჯავს.

ამასთან, ჭყონია მთავრობას პანდემიის პირობებში მიღებული გამოცდილების დანერგვისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თუ კრიზისის დროს შესაძლებელია ქვეყნის Zoom-ით მართვა, რატომ არ არის შესაძლებელი იგივე მიდგომის გამოყენება პოსტკრიზისულ პერიოდში, რომელიც ქვეყანას სერიოზულ ფინანსურ ხარჯს დაუზოგავს.

„კორონავირუსმა რა აჩვენა?! აჩვენა, რომ მართვის სისტემა უნდა შეიცვალოს. უნდა შეიკვეცოს ბენზინის ხარჯი, რატომ? -  თურმე შესაძლებელი ყოფილა Zoom-ით მართვა. აღარ ვიაროთ მანქანებით, უნდა გაიყიდოს მანქანები. თუ კრიზისულ პერიოდში შეგვიძლია ქვეყნის მართვა Zoom-ით, მაშინ რატომ არ შეიძლება...(კრიზისის შემდეგ). უნდა გაიყიდოს მანქანები, შემცირდეს ბენზინის მოხმარება, შემცირდეს საჯარო სამსახურის აპარატი, მდივნები.. ახალი ტექნოლოგიები უნდა დაინერგოს და ამით უშველებელი ხარჯი შემცირდეს“, - ამბობს ბიზნესმენი და აქცენტს კონკრეტული ბიუროკრატიული რგოლის შემცირებაზე აკეთებს.

„გადაწყვეტილებები, საბჭოები, საკრებულოები, თავმჯდომარეები... წარმოგიდგენიათ რა დღეში ვართ?! ეს არის "მახინა", რომელსაც ჩვენ ვინახავთ და ვინახავთ იცით რისთვის? ყველაზე საინტერესო რა არის, რომ ჩვენ გაგვჭეჭყონ. რაღაც საგიჟეთია. ჩვენ ვიხდით ფულს, ისინი ჯამაგირებს იღებენ, მერე ვეხვეწებით გაგვაკეთებინეთ პროექტი და თუ ვერ გავაკეთეთ, მერე შეიძლება დავიმარხოთ. ბიზნესი თავისუფალია იმ მომენტამდე, სანამ ბიუროკრატიაში არ ჩაერევიან“, - აცხადებს ჭყონია.

ბიზნესმენი მთავრობას გადაწყვეტილებების ტემპის დაჩქარებისკენ მოუწოდებს და კონკრეტულ რჩევასაც აძლევს.

„ყველა ბიზნესმენის პრობლემა ერთი და იგივეა - ბიუროკრატია. თუ ჩქარი ტემპი გვინდა, ძალიან რადიკალური ცვლილებებია საჭირო, ძალიან ჩქარი გადაწყვეტილებებია საჭირო. არის საკითხი, რომელიც შეიძლება ერთ კვირაში გადაწყდეს და წყდება (გვიან).

უნდა მოხდეს საკითხების შეფასება. ყველა საკითხი ერთნაირად არ უნდა ფასდებოდეს. უნდა მოხდეს სეგმენტაცია, მაგალითად, 100 000 ლარიანი ინვესტიციის საკითხი უნდა წყდებოდეს ერთ დღეში... 1 მილიონიანის - დღენახევარში, 10 მილიონიანის - სამ დღეში. ამ პატარა ქვეყანას რად უნდა ამხელა მართვა. "მახინაა", გუბერნატორები, საკრებულოების თავმჯდომარეები, მერები, მოადგილეები, მდივნები, ამათ რა არჩენს კაცო! ჩემი ნება რომ იყოს, 80%-ს შევამცირდები და 20%-ს დავტოვებდი“, - აცხადებს თემურ ჭყონია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები