მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ანაკლიის პორტი რომ გვქონდეს, ახლა სხვა განზომილებაში ვიქნებოდით” - თემურ ჭყონია

645a23bccf052
ანუკა ჯოხაძე
09.05.23 14:33
3660
ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ საქართველო მისი მისამართით გაჩენილ შესაძლებლობებს მოუმზადებელი შეხვდა. მისი თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ჰქონდა შანსი ლოჯისტიკური თვალსაზრისით პოზიციები გაემყარებინა, მაგრამ ქვეყანაში არსებული ინფრასტრუქტურით, ეს შეუძლებელია.

თემურ ჭყონიას მოსაზრებით, ქვეყანა ვერ ატარებს იმ რაოდენობის ტვირთს, რისი შესაძლებლობაც რეალურად არსებობს.

“ანაკლიის პორტი რომ ყოფილიყო ჩვენ ვიქნებოდით სრულიად სხვა განზომილებაში. ამას გარდა, საქართველო კი არის სატრანზიტო ქვეყანა, მაგრამ იმხელა ტრაფიკია, რიგებია, რომ გამტარობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე შესაძლებლობა. კარგი იქნებოდა, რომ ეს შესაძლებლობა კარგად გაეგო ჩვენს მოძმე აფხაზებს, ოსებს. ისეთი გზები უნდა მოეძებნათ, რომ ეს ორი გზა გახსნილიყო. ურთიერთმომგებიანების თვალსაზრისით, ეს ორივე მხარისთვის საინტერესო იქნებოდა.

თუ აფხაზები და ოსები მიხვდებიან, რომ ჩვენთან ურთიერთობა უფრო მომგებიანია, ვიდრე ჩაკეტილ რუსეთთან, გაცილებით ძლიერი ვიქნებით ჩვენც და ისინიც. ეს ალბათ მათაც იციან, უნდა ეძებონ გზები როგორც დააღწიონ რუსეთს თავი.”-აცხადებს თემურ ჭყონია.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი, მათ შორის $35 მილიონი უკვე იყო ჩადებული ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოებში, დანარჩენი თანხები კი საზღვაო, ეკოლოგიურ და საინჟინრო კვლევებსა და პროექტებში. აღსანიშნავია, რომ ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ირაკლი ღარიბაშვილმა 2021 წლის მარტშიც ისაუბრა. მაშინ მთავრობის მეთაური აცხადებდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტზე ინვესტორის გამოსავლენად ტენდერი უახლოეს მომავალში ჩატარდებოდა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს ახალი ინვესტორის შერჩევაში საერთაშორისო კონსულტანტი დაეხმარებოდა.

გასული წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი, ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები