მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვაქციოთ ქვეყანა ევროპად და ჩვენ თვითონ გავხდეთ ევროპელები“ - თემურ ჭყონია

64c371309f8c1
ვიქტორია მღებრიშვილი
28.07.23 13:59
659
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია მიმდინარე წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების შესახებ BMG-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭა, ვფიქრობ ევროკავშირისგან ეს საწყენია. მე მიჩნდება ასეთი კითხვა - ჩვენ ევროპელები ვართ ცხოვრების სტილით, განათლებით, წესრიგით, სისუფთავით, ურთიერთობით, ერთმანეთის პატივისცემით და 12 პუნქტი გვჭირდება ევროპაში შესასვლელად, თუ ვართ რაც ვართ და 12 პუნქტით გვინდა შევიდეთ. ჩემი აზრით, ჯობია ევროპელები ვიყოთ, ევროპულად ვცხოვრობდეთ და 12 პუნქტი იყოს როგორც შესასვლელი ბილეთი, ვიდრე არ ვიყოთ ევროპელები და 12 პუნქტით შევდიოდეთ. სულ ეს კითხვა მაქვს - ევროპელები ჩვენ როგორ გვიყურებენ, როგორც ევროპელებს, რომლებსაც 12 პუნქტი გვაკლია, თუ არავინ ვართ და 12 პუნქტით შევყავართ?!“, - ამბობს ბიზნესმენი.

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი განმარტავს, მის დამოკიდებულებას ევროკავშირის გადაწყვეტილების და ამ გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე თუ ისინი წლის ბოლოს, საქართველოს კანდიდატის სტატუსს არ მიანიჭებენ.

„რატომ მექნება პრეტენზია ევროკავშირში სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილების მიმღებ პირებზე? – „მაკდონალდსიდან“ და კოკა-კოლიდან ძალიან ინტეგრირებული ვართ სხვა ქვეყნებთან და იქიდან ხშირად ჩამოდიან სტუმრები, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც მაღალტექნოლოგიური ახალი ქარხანა ავაშენეთ... მაგალითად, მოლდაველები იყვნენ სტუმრად ჩამოსულები, იქ კოკა-კოლა არ არის და აქვთ წინადადება, შესაძლოა, რომ იქ მიმიწვიონ ინვესტორად... ისინი თბილისში დადიოდნენ, შემდეგ ბათუმში წავიდნენ და ამბობდნენ, რომ ასეთი ევროპული ქვეყანა არც უნახავთ, მაშინ როდესაც თვითონ რუმინეთის მეზობლად არიან... ხანდახან მეც მიჩნდება უსამართლობის განცდა, რომ მოლდოვას მისცენ სტატუსი და ჩვენ - არა. გავიგე, რომ ეს 12 პუნქტი შესასრულებელია. ხანდახან ის მიკვირს, რატომ ვეჯიბრებით ამ 12 პუნქტის არ შესრულებაზე, რა უნდა მაგის შესრულებას? რთული საერთოდ არაფერია. ვფიქრობ, რომ გვეკუთვნის [კანდიდატის სტატუსი]“, - აცხადებს ჭყონია.

კითხვაზე - ესმის თუ არა საზოგადოებას რა სიკეთეს მოგვიტანს ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრირება, ბიზნესმენი პასუხობს, რომ საზოგადოებას ესმის, თუმცა გათავისებული არ აქვს.

„საზოგადოებას ეს ესმის, თუმცა გათავისებული არ აქვს. იმდენად დავიჩაგრეთ კომუნისტების დროს, 30-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რა დროსაც ერთ წრეზე ვტრიალებთ... იმიტომ ვტრიალებთ, რომ ერთი და იგივე ხალხი გვატრიალებს. ეს ხალხი ამ წრეზე ტრიალით თავს კომფორტულად გრძნობს და იქიდან არ გამოვა... კიდევ 100 წელი იქნება ამ წრეზე... თუ არაკომფორტულად ხარ - გამოხვალ... ის თაობა, რომელთანაც მე ვთანამშრომლობ იმ 30-წლიან წრეში არ არის, გამოსულები არიან იქიდან. მათ ევროპის ახსნა არ სჭირდებათ... და მე ვცდილობ ყველა რესურსი და საშუალება მივცე მათ, რაც ევროპაში უნდა მიიღოს... ეცადოს ყველამ და მისცეს ამ ხალხს ეს რესურსი... ვაქციოთ ქვეყანა ევროპად 12 პუნქტის გარეშე. ჩვენ თვითონ გავხდეთ ევროპელები და დავანახოთ ევროპას, რომ ევროპელები ვართ“, - ამბობს BMG-სთან თემურ ჭყონია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები