Gudauri Inn ფართოვდება. სასტუმროს მფლობელი კომპანია „ინნ ჯგუფი“ ახალი წლისთვის ზამთრის კურორტზე სასტუმროს კიდევ ერთი შენობის გახსნას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ გადაცემა #რედაქტ2-ში ისაუბრა.
„დაახლოებით, ახალი წლისთვის „გუდაური ინნ“ -თან კიდევ ერთი კორპუსის მშენებლობა დასრულდება. ეს იქნება სამსართულიანი შენობა, რომელიც ოთახებთან ერთად მოიცავს სპაცენტრს, თავისი აუზით, ჯაკუზებით და გამაჯანსაღებელი სივრცით. ამ ბლოკის დასრულების შემდეგ სასტუმროს ოთახების რაოდენობა 30-ით გაიზრდება. ამ ეტაპზე ინვესტიცია 3 მლნ ლარს სცდება. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კორპუსი ახალი წლისთვის გაიხსნება და დამსვენებელსაც მივიღებთ.
პროექტის განხორციელებისას აქცენტი სტუმრებისთვის დამატებითი სერვისების შეთავაზებაზე გავაკეთეთ, რადგან ამ მიმართულებაზე დამსვენებლების მხრიდან მოთხოვნაც მზარდია“, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ და დასძინა, რომ გუდაურში ძირითადად უცხოელი დამსვენებლები არიან, თუმცა სეზონის მიხედვით ზამთარში სხვა ქვეყნის ვიზიტორები სტუმრობენ, ზაფხულში კი სხვა ქვეყნის. „მაგალითისთვის ზამთარში ლიეტუველ დამსვენებელს გამოვარჩევდი, ზაფხულში კი სტუმრები უფრო არაბული ქვეყნებიდან გვყავს“, - ამბობს კოკაია.