მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუდაურის სასტუმროში დატვირთულობა კატასტროფულია, 20-25%-იანი კლება გვაქვს თბილისშიც - „ინნ ჯგუფი"

გუდაური ინნ

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთის ომის და ტურისტული ჯავშნების გაუქმების ფონზე, სასტუმროების დატვირთულობა შემცირებულია.

როგორც BMG‑-სთან „ინნ ჯგუფის“ დამფუძნებელმა, პაატა კოკაიამ განაცხადა, მიმდინარე მოვლენები ყველაზე ნეგატიურად გუდაურის სასტუმროზე აისახა, სადაც ამჟამად დატვირთულობა მხოლოდ 10-15%-ია. ეს კი იმ ფონზე, რომ ზამთრის კურორტზე განთავსების ობიექტის ფასები მკვეთრად შეამცირეს.

მისივე თქმით, გასულ პერიოდთან შედარებით დატვირთულობა 20-25%-ითაა შემცირებული თბილისში მდებარე სასტუმროებშიც.

პაატა კოკაია იმედოვნებს, რომ სხვადასხვა ბაზრებზე გააქტიურებული მარკეტინგული აქტივობების შედეგად, აზიის და ევროპის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა გახდება შესაძლებელი.

“გუდაურში კატასტროფული [დატვირთულობაა] მარტიც და აპრილიც, რა თქმა უნდა, კატასტროფულია. თუმცაღა მაისის ჯავშნები ჯერ არ გაუქმებულა და იმედი გვაქვს, რომ შევძლებთ სხვადასხვა ქვეყნების, ევროპის, აზიის დარწმუნებას, რომ ჩვენთან მშვიდობაა. რა თქმა უნდა, მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული და დამოკიდებული არის საავიაციო საწვავზე. თუმცა ახლა ყველა მიმართულებითაა [მარკეტინგული აქტივობები] ეს მედიაფორუმები, ეს არ არის ცოტა, საფრანგეთში, ინგლისში და ჩინეთში. გაჟღერებულია, რომ ჩვენთან მშვიდობაა, ჩვენთან კარგია მოგზაურობა და უნდა ჩამოვიდნენ, მაგრამ [საავიაციო] საწვავის [ფასმაც] უნდა შეგვიწყოს ხელი.

თუმცა კიდევ ვიმეორებ, ჩინეთიც ძალიან სიფრთხილით ეკიდება ჯერჯერობით და ეს ჯავშნები, რომელიც უნდა ყოფილიყო აპრილში, გადაიტანეს მაისში ან ივნისში. სამხრეთ კორეის შემთხვევაშიც იგივე ვითარებაა. მაინც ფრთხილად ეკიდებიან, იმიტომ რომ სულ რაღაც რამდენიმე ასეულ კილომეტრშია ჩვენთან ეს უზარმაზარი ომი.

გუდაურის სასტუმროში ფასი სამჯერ შევამცირეთ, მაგრამ მაინც არავინ შემოდის. დღეს, მაგალითად, ორი კაცი, ორჯერადი კვებით 175 ლარია დამატებითი ღირებულების ჩათვლით. მხოლოდ ოთახი 100 ლარია, მაგრამ მაინც არ არის დამსვენებელი. ძალიან ცოტაა, 10-15%-ია დატვირთულობა.

ჩვენ წელს გვქონდა გადასარევი ტურისტული სეზონი დეკემბრის მეორე ნახევარი, იანვარი, თებერვალი. მთლიანად გუდაური ძალიან კარგად იყო დატვირთული. ჩვენი სასტუმროების მაგალითზე გეტყვით, რომ თითქმის 90% იყო და ფასიც საკმაოდ მაღალი იყო. თუმცაღა პირველი მარტიდან, [ახლო აღმოსავლეთის ომიდან] ჩამოიქცა ეს ბაზარი.

თბილისის სასტუმროებშიც დაკლებულია დატვირთულობა. დაახლოებით 20-25%-ით მაინც არის შემცირებული დედაქალაქის სასტუმროებში დატვირთულობა. თბილისში ცენტრში რომელიც გვაქვს, იქ არის დაახლოებით 50%-იანი დატვირთულობა, თუმცა ფასი უფრო შეღავათიანია. რომელიც არ არის ცენტრში და 180 ნომრიანია, იქ დატვირთულობა 35-40%-ია”, - განაცხადა პაატა კოკაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები