ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა გუდაურში 2023 – 24 წლების ზამთრის ტურისტული სეზონისადმი მოსამზადებელი სამუშაოების საჯარო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან განხილვისას განაცხადა, რომ გუდაურში წელს ტურისტებს ბევრად მაღალი დონის და ხარისხის სათხილამურო ტრასები დახვდებათ, რაც კურორტზე მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგია. ახალ გუდაურში ორი ახალი საბაგირო კომპლექსი მოეწყობა .ვიცე პრემიერის თქმით, თითოეული საბაგიროს გამტარუნარიანობა საათში 1800 – 2400 ადამიანი იქნება.
გუდაურში მოახლოებულ ზამთრის სათხილამურო სეზონზე არსებულ მოლოდინებზე და კურორტის განახლებული ინფრასტრუქტურის შესახებ BM.GE-სთან ჰოტელიერი მაია მურაჩაშვილი საუბრობს. მისი თქმით, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურით კურორტი უფრო კონკურენტუნარიანი გახდება, თუმცა ეს წლევანდელი სეზონის მოლოდინებს ვერ განსაზღვრას, რადგან გუდაურმა მიმდინარე სეზონზე კურორტისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი - ისრაელი დაკარგა.
ჰოტელიერის განმარტებით, სასწრაფოდ მოსაძებნია ალტერნატიული ბაზრები, რომლითაც ისრაელი ჩანაცვლდება.
“ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარი - ისრაელი, ფაქტობრივად სრულად გამოგვეცალა. სასწრაფოდ მოსაძებნია გზები, რომლითაც ამ ბაზარს ჩავანაცვლებთ. სასტუმროების დაახლოებით 45-50% შეადგენდა ისრაელის დამსვენებელი.
წელს სასტუმროებს შორის კონკურენცია მაღალი იქნება. ბევრი გასაყიდი ოთახია და ამასთან სასტუმროებია მობილიზებული. სამწუხაროდ ამდენი ტურისტის მოლოდინი არ გვაქვს. ეს მიწოდება რაღაცით უნდა შეივსოს, რაც ფასის დაწევით, კონკურენციის გაზრდით მოხდება”, - ამბობს ის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებითვე, წელს პირველად გუდაურში სნოუბორდ ქროსში საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება, რაც დადებითად ასახავს კურორტის ცნობადობას საერთაშორისო მასშტაბით.
მაია მურაჩაშვილი ჩემპიონატთან დაკავშირებულ მოლოდინებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჩემპიონატი თებერვალშია, თებერვლის თვე კი გუდაურისთვის ისედაც ყველაზე დატვირთულია.
“ჩემპიონატი თებერვალშია, გუდაურს თებერვალში ისედაც არ უჭირს. შეჯიბრი, რომ იანვარში ყოფილიყო, იმ ჩავარდნას, რაც კურორტს იანვარში აქვს ხოლმე - ამოწევდა, თუმცა თებერვალი ისედაც ერთადერთი თვეა, როცა გუდაური მაქსიმალურად დატვირთულია”, - განმარტავს მურაჩაშვილი.