თითქმის 18-თვიანი აკრძალვის შემდეგ, საქართველოში პარაპლანით ფრენები აღდგა.
პარაგლაიდინგის ფედერაციის ხელმძღვანელი, ირაკლი კაპანაძე bm.ge-სთან ამბობს, რომ ამ ეტაპზე კომერციული ფრენის ნებართვა სამ საჰაერო სივრცეზე: გუდაურზე, ბაკურიანსა და ანანურზე არსებობს.
"ამ ეტაპზე ფრენებისთვის გვაქვს 3 გამოყოფილი სივრცე: გუდაური, ბაკურიანი და ანანური. ამ სამი საჰაერო სივრცის გარდა სხვა ადგილებზე ფრენების განხორციელების უფლება არ გვაქვს. ახლა ვმუშაობთ კიდევ 10-11 ადგილზე ნებართვის მიღებაზე. ეს უკვე იქნება მთავრობის დადგენილების საფუძველზე.
ამ ეტაპზე 60-70 ადამიანამდეა, რომლებსაც ფრენის კვალიფიკაცია აქვს მოპოვებული. ზოგს საგამოცდო საფუძველზე, ზოგს აღიარების (უცხოელებს, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში აქვთ მსგავსი ნებართვა). ამის გარდა, საკმაოდ ბევრი ადამიანია, რომელიც კომერციული ფრენის პილოტის ნებართვის მოპოვების პროცესშია", - განაცხადა ირაკლი კაპანაძე.
შეგახსენებთ,პარაპლანით ფრენა, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2022 წლის ივლისში მას შემდეგ აიკრძალა, რაც გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე ფრენის დროს 2 ადამიანი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. ერთი წლის თავზე კი, სექტორს ფრენების აღდგენის ნებართვა მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მიღების შემთხვევაში მიეცა.
2023 წლის 8 მაისს კი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა წესები, რომლებიც პარაპლანით კომერციულ, არაკომერციულ და საწვრთნელ-სავარჯიშო ფრენებს არეგულირებს. ეს წესები არ ვრცელდება ექსპერიმენტულ და საჩვენებელ ფრენებზე, თუმცა მათ შესასრულებლად გარკვეული მოთხოვნები მაინც არსებობს.