მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარაპლანით ფრენებზე მოთხოვნა გაიზარდა - ვინ არიან მომხმარებლები?

პარაპლანით ფრენა

პარაპლანით ფრენებზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით როგორც კომერციული, ისე სპორტული მიმართულებით გაზრდილია. ამის შესახებ BM.GE-ს პარაპლანის მფრინავმა და უსაფრთხოების მიმართულების წარმომადგენელმა გიგა სეთურიძემ განუცხადა.

მისი თქმით, წელს სექტორი უფრო ორგანიზებულად მუშაობს, რასაც, ახალი რეგულაციების გამოცდილების დაგროვება უწყობს ხელს.

„წელს, წინა წელთან შედარებით, უკეთესი სეზონი გვაქვს, როგორც კომერციული თვალსაზრისით, ასევე სპორტული თვალსაზრისითაც. საჰაერო სივრცე გვაქვს გამოყოფილი, სამოქალაქო ავიაცია გვაკონტროლებს, ფედერაცია და მეტი გამოცდილება მივიღეთ ახალი რეგულაციებიდან გამომდინარე და უფრო ორგანიზებული გახდა ყველაფერი. ამ წესების გარეშე სხვა ვერავინ, ანუ ფიზიკურად ადამიანი ვეღარ იფრენს. აქედან გამომდინარე, უსაფრთხოება 100%-ზე მეტად დაცული გახდა ამ მხრივ“, - აღნიშნა სეთურიძემ.

მისივე ინფორმაციით, პარაპლანით ფრენებით, უცხოელებთან ერთად, ქართველი მომხმარებლების დაინტერესებაც გაიზარდა.

„წელს უფრო მეტი ქართველია დაინტერესებული, ვიდრე წინა წლებთან შედარებით. მოთხოვნა გაზრდილია, რადგან ალბათ ნახა ხალხმა და ხედავს, რომ რეგულაციების მიხედვით უფრო უსაფრთხოა ფრენა და უფრო მეტი ნდობაა ამ სპორტთან მიმართებით“, - განაცხადა სეთურიძემ.

სეთურიძის თქმით, უცხოელი მომხმარებლები ძირითადად იმ ქვეყნებიდან არიან, საიდანაც საქართველოში ტურისტები ჩამოდიან. მათ შორის არიან მოქალაქეები ევროპის ქვეყნებიდან, საუდის არაბეთიდან, ინდოეთიდან და ჩინეთიდან.

რაც შეეხება ფრენების ინფრასტრუქტურას, მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე რამდენიმე ოფიციალური სასტარტო მოედანია, საიდანაც ფრენები ხორციელდება, და ახალი ასაფრენი ზოლის გახსნა ამ ეტაპზე არ იგეგმება.

როგორც მფრინავი ამბობს, პარაპლანით ფრენის ფასი წელს არ გაზრდილა, მიუხედავად იმისა, რომ აღჭურვილობის თვითღირებულება ევროპულ ბაზარზე გაიზარდა. სეთურიძის განმარტებით, ფასების შენარჩუნება რეგიონში არსებული კონკურენციითაც არის განპირობებული.

"მეზობელ ქვეყნებს რომ შევხედოთ, ჩვენზე დაბალი ფასებია ფრენაზე. თუ გავზრდით ფასს, შეიძლება მათზე ძვირი გამოგვივიდეს და აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანის, სომხეთის, თურქეთის ფასებს ვაკვირდებით და იმის მიხედვით ვაბალანსებთ, რომ მათზე დაბალი ფასი იყოს ჩვენთან", - აღნიშნა სეთურიძემ.

აღსანიშნავია, რომ პარაპლანით ფრენის სერვისს მომხმარებელს სხვადასხვა კერძო კომპანია სთავაზობს. ამ პლატფორმებზე სერვისის ღირებულება 150 ლარიდან 450 ლარის ფარგლებში მერყეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები