საახალწლო სეზონის დაწყებამდე Winter Time-ის შოურუმში არსებული პროდუქციის მარაგების დაახლოებით 40% უკვე გაყიდულია. კომპანიის თანადამფუძნებელი, ნინო შენგელია BMGTV-ს გადაცემაში "ქალების ნარატივი" აღნიშნა, რომ ბრენდი თითოეულ მოდელს შეზღუდული რაოდენობით აწარმოებს, რის გამოც მომხმარებლები ნაძვის ხეების შეძენას სეზონის დაწყებამდე ცდილობენ.
„ბრენდის ცნობადობა წლიდან წლამდე იზრდება და, შესაბამისად, ჩვენს მოდელებზე მოთხოვნაც მატულობს. შოურუმს ოქტომბრის შუა რიცხვებში ვხსნით და ამ დროისთვის მარაგების დაახლოებით 40% უკვე გვეწურება. დიდი რაოდენობით მარაგი არ ჩამოგვაქვს - შეიძლება, თითოეული მოდელი მხოლოდ რამდენიმე ერთეული იყოს. მომხმარებელმაც იცის ეს და ცდილობს, ნაძვის ხე წინასწარ შეიძინოს, რომ საახალწლოდ სასურველი მოდელის გარეშე არ დარჩეს“, - ამბობს შენგელია.
მოთხოვნის ზრდის პარალელურად, კომპანიას ფასების კორექტირებაც უწევს. შენგელიას ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე ნაძვის ხეების ღირებულება გასულ წელთან შედარებით 3-5%-ით გაიზარდა.
„წლიდან წლამდე ფასების კორექტირება გვიწევს, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ის ზღვარი, რომლის ფარგლებშიც ფასის ზრდა შეგვიძლია. არ გვინდა, ღირებულება ისე გაიზარდოს, როგორც შესაძლოა, სხვა შემთხვევაში გაზრდილიყო. წელს, შარშანდელთან შედარებით, ჩვენი მოდელების ფასი დაახლოებით 3-5%-ით არის გაზრდილი, თუმცა ვცდილობთ, ფასები მაქსიმალურად შევინარჩუნოთ და რადიკალური ცვლილება არ გვქონდეს. პროდუქციის ფასები ნაძვის ხის ზომისა და მოდელის მიხედვით განსხვავდება. ერთი მეტრი სიმაღლის ნაძვის ხეების ფასი დაახლოებით 400 ლარიდან იწყება, ხოლო ყველაზე მაღალი - 3.5-მეტრიანი მოდელის ღირებულება 7 000 ლარამდეა“, - განმარტავს კომპანიის თანადამფუძნებელი.
გაყიდვების სტრუქტურაში ძირითადი წილი საცალო მომხმარებელს უჭირავს. როგორც შენგელია ამბობს, კომპანიის გაყიდვების დაახლოებით 70% ფიზიკურ პირებზე მოდის, დარჩენილი 30% კი კორპორაციულ შეკვეთებს უკავშირდება.
სამომავლოდ კომპანია პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებასაც განიხილავს. შენგელიას განცხადებით, მომავალი წლისთვის ბრენდი საახალწლო სათამაშოების ხაზის დამატებაზე მუშაობს. პროდუქცია, ნაძვის ხეების მსგავსად, ექსკლუზიური დიზაინის იქნება და ევროპაში დამზადდება.
























