„ხაჭაპურს - ყველაზე მარტივ პროდუქტს, რაც 3000 მეტრის სიმაღლეზე ხვდება მომხმარებელს, სჭირდება ყველი, ფქვილი, წყალი, ღუმელი და პროფესიონალი მზარეული, ასევე კომფორტული გარემო მირთმევისთვის - არცერთი იქ ბუნებრივად არ მოიპოვება და მნიშვნელოვან ძალისხმევას და დამატებით ხარჯს მოითხოვს. შედეგად კი ის ხაჭაპური, რაც თბილისურ რესტორანში 30 ლარამდე ღირს, 3000 მეტრზე 40%-ით ძვირი - 40 ლარამდე გამოდის“, - ასე ეხმაურება გუდაურში მდებარე კაფე-ბარის „ქუბის“ დამფუძნებელი ნინო ხაჟომია სოციალურ ქსელებში გამოთქმულ კრიტიკას კურორტზე არსებულ ფასებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გაძვირებული პროდუქტები, გადასახადები, თანამშრომლების თბილისთან შედარებით მაღალი ანაზღაურებით უზრუნველყოფა და სეზონურობა არის განმაპირობებელი მიზეზები იმ ფასებსა, რაც ტურისტს გუდაურში ხვდება.
„ყველში 21 ლარს რომ გადაიხდი, იმ სიმაღლეზე აიტან და კიდევ გადასახადებს გადაიხდი, არ ვიცი, რა უნდა ღირდეს ხაჭაპური. გუდაურში სამზარეულო არის წამგებიანი, ვინაიდან პროდუქტის მაღალი ფასის გამო, მოგების ძალიან დაბალ მარჟაზე მუშაობს; გარდა ამისა, თანამშრომლები თბილისიდან გუდაურში რომ აგყავს მთელი სეზონით, დაახლოებით, 40%-ით მეტს უხდი, ვიდრე თბილისში. მას ხომ უნდა აწყობდეს ოჯახის დატოვება და მთაში წამოსვლა. ზოგადად, სამთო კურორტი ძალიან ძვირი სიამოვნებაა. მარტო ეკიპირება რამდენად ძვირია“, - განმარტა მან bm.ge-სთან და აღნიშნა, რომ გუდაურში ბიზნესი წელიწადში მხოლოდ 120 დღე მუშაობს, ამიტომ ისინი იგივე საგადასახადო პირობებში არ უნდა იყვნენ, როგორშიც სხვა ბიზნესები არიან.
ნინო ხაჟომიამ კურორტის წლევანდელ დატვირთულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 7 იანვრამდე გუდაური სრულად იყო დატვირთული, ახლა შედარებით სიხალვათეა, მაგრამ თებერვლიდან ტურისტების ნაკადის ზრდას ელიან.
„წელს, ძირითადად, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან არიან; ისრაელიდან ბევრ ტურისტს ველოდებით; არიან აღმოსავლეთ ევროპიდანაც, კერძოდ, პოლონეთიდან. რაც შეეხება რუსებს, რაც არ უნდა გასაოცარი იყოს, სხვა წლებში რომ იყვნენ, იმდენი წელს არ შემინიშნავს. შეიძლება, თავად რუსებმა გახსნეს კვების ობიექტები და თავიანთ ობიექტებში დადიან“, - აღნიშნა „ქუბის“ დამფუძნებელმა და დასძინა, რომ სახელმწიფომ უფრო მეტი უნდა იმუშაოს მაღალშემოსავლიანი ტურისტების მოზიდვაზე.