მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გუდაურში ინფრასტრუქტურა კვლავ პრობლემად რჩება" - რა გამოწვევებია ზამთრის კურორტებზე?

გუდაური

ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მიმდინარე წელსაც ბიზნესი ზამთრის ტურისტულ სეზონს უცვლელი გამოწვევებით ხვდება.

როგორც BMG-სთან კომპანია "სასტუმროების სტრატეგიული მართვის ჯგუფის" დამფუძნებელი მაია მურაჩაშვილი აცხადებს, გუდაურში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად კვლავ გაუმართავი ინფრასტრუქტურა რჩება.

“რეალურად, გუდაურში ისევ პრობლემა გვექნება ინფრასტრუქტურა, გზის ნაწილი, იმიტომ რომ ვერ დასრულდა და ვერ გადავიდა ტრაილერების გზა. ვერ გადავიდა მეორე მხარეს და ისევ გუდაურში მოუწევს გასვლა. სამწუხაროდ, ტროტუარი არ არის, რეანომობილი არასაკმარისია, სამედიცინო პუნქტი არათავსებადია იმ რაოდენობის ტურისტთან, რა რაოდენობის ვიზიტორიც გუდაურში შემოდის და ეს, რა თქმა უნდა, ისევ იქნება გამოწვევა. რამდენადაც ვიცი, ამ კუთხით მუშაობა არ მიდის, არ განახლებულა არაფერი. ცოტა უფრო მეტი რეანომობილი გვჭირდება და უფრო დიდი და უფრო მეტი კადრებით სამედიცინო პუნქტი”, - განაცხადა მაია მურაჩაშვილმა.

რაც შეეხება დატვირთულობას, ჰოტელიერი ამბობს, რომ ზამთრის კურორტებზე ჯავშნების რაოდენობა შარშანდელთან შედარებით შემცირებული არაა. თუმცა მისი თქმით, საბოლოოდ ზამთრის ტურისტული სეზონი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის მოვა თოვლი.

“დატვირთულობის ნაწილში არ ვუჩივით. ჯავშნები წამოსულია საკმაოდ კარგად. დივერსიფიცირებულია ბევრ სხვადასხვა ქვეყანაზე, როგორც ევროპა, ისე აზია, ისე რუსეთი და პოსტ-საბჭოთა ქვეყნები. შარშანდელთან შედარებით ვერ ვიტყვით, რომ ჩამორჩენა გვაქვს და პირიქით, ახლა ამ მომენტში, დეკემბრის დასაწყისში ჯავშანი იმდენია რეალურად, რამდენიც სეზონის დასაწყისში გვქონდა და ჯერ კიდევ სეზონის დაწყებამდე ორი კვირაა, ამიტომ ვფიქრობთ, რომ კიდევ უკეთესი შედეგი დაიდება ამ ორი კვირის მანძილზეც, მაგრამ მაინც გააჩნია ამინდს, როგორი ამინდი გვექნება. საბოლოოდ, უკვე იანვარი მაგის მიხედვით დაიგეგმება”, - აღნიშნა მაია მურაჩაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები