მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუდვილი“ ონლაინ გაყიდვების გაძლიერებაზე მუშაობს - "ვგეგმავთ Dark store-ის განვითარებას“

გუდვილი

„გუდვილი“ დიდი ზომის ჰიპერმარკეტების გახსნას აღარ გეგმავს. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი ხაბაშვილი აცხადებს, განვითარების გეგმა სუპერმარკეტებთან ერთად, ე.წ. Dark store-ს უკავშირდება, რაც ხარჯების ოპტიმიზაციას შეუწყობს ხელს.

FMCG ბაზრის განვითარების ტენდენციებზე საუბრისას გიორგი ხაბაშვილმა ონლაინ-გაყიდვების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე საერთო გაყიდვებიდან ონლაინ გამოწერების წილი მხოლოდ 2%-ია.

„უმნიშვნელოვანესი ტრენდი, რომელიც რიტეილერებშია, ეხება დიდი ჰიპერმარკეტების ტრანსფორმირებას ან დახურვას, საუბარია 10-15 ათასი კვ.მ-ის ჰიპერმარკეტებზე. ამის ნაცვლად, ბაზარზე იზრდება მომხმარებელზე ორიენტირებულობის მნიშვნელობა და პერსონიფიცირებული სხვადასხვა აქტივობები თუ ლოიალობის პროგრამები.

ზრდის რესურსი ამ ბაზარზე არის არა მხოლოდ ახალი ობიექტების გახსნის თვალსაზრისით, არამედ არსებულის ეფექტურობის ზრდის თვალსაზრისითაც. ეფექტურობას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს რიტეილ სექტორში და ჩვენც ასე ვიქცევით, ოღონდ ეფექტურობა ჩვენს შემთხვევაში ვერ იქნება განსაკუთრებულად ხარჯების შემცირებაზე ორიენტირებული, იმიტომ რომ ხარჯი იგივე დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდის გამო მუდმივად იზრდება. ეს უნდა მოხდეს კვადრატულ მეტრზე ნავაჭრის გაზრდის გზით და ნავაჭრის გაზრდის ერთ-ერთი გზა სწორედ პერსონიფიცირებული მიდგომებია.

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ონლაინ მიმართულების გაძლიერება, საერთო გაყიდვებში ჯერ მისი წილი მხოლოდ 2%-ია, თუმცა ამას ვავითარებთ. ვაკვირდებით, რომ მომხმარებელი, ისეთ პროდუქტს რომელსაც ხელით შეხების და დანახვის განსაკუთრებული საჭიროება არ აქვს, მაგ. ქიმია-პარფიუმერია, უფრო ყიდულობს. ამიტომაც Dark store-ის მიმართულების განვითარებასაც ვგეგმავთ და ამ გზითაც მივდივართ. ხარჯების, მიწოდების დროის ოპტიმიზაცია, შეუძლებელია სივრცითი ოპტიმიზაციის გარეშე.

გვაქვს „გუდვილი გურმე,“ რომელიც ისედაც უკვე „დარკ სთორის“ პრინციპზეა, ხოლო იქ სადაც დიდი ფორმატები გვაქვს სპეციალურად ონლაინისთვის, „დარკ სთორებს“ ვმართავთ. გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ "დარკ სთორებით" ისეთ ადგილებში გავიდეთ, სადაც ფილიალები არ გვაქვს. არ ვარ დარწმუნებული, რომ 2024 წელს მოვასწრებთ, თუმცა მიდის მუშაობა და მზადება სერიოზული ობიექტისთვის, რომელიც მთელს თბილისში და რეგიონში საუკეთესო იქნება“, - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

ინფორმაციისთვის, ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველადი მოხმარების პროდუქციით ვაჭრობის (FMCG) სექტორის ზომა თითქმის გაორმაგდა და 2023 წელს 21 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან ბრენდული ქსელები ბაზრის 39%-ს იკავებს, რაც 2018 წელს არსებული 22%-იდან მკვეთრი ზრდაა. ბაზრის დანარჩენი ნაწილი არაბრენდულ მაღაზიებს, აფთიაქებს და არაფორმალურ ვაჭრობას უჭირავს.

Galt&Taggart-ის სწრაფად რეალიზებადი სამომხმარებლო პროდუქციის სექტორის შესახებ საინვესტიციო კვლევის მიხედვით, FMCG ბაზრის 48% თბილისშია კონცენტრირებული, ხოლო დანარჩენი რეგიონებზე მოდის, საიდანაც ყველაზე დიდი წილი აჭარას და იმერეთს უკავია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები