მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გუდვილმა" 22 წლის იუბილეს აღსანიშნავად განახლებული კონცეფცია წარადგინა - რებრენდინგის დეტალები

გუდვილი

ჰიპერმარკეტების პირველ ქართულ ქსელს 22 წელი შეუსრულდა - "გუდვილი" განვითარების ახალ ეტაპს განახლებული იდენტობით, მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისებითა და პრემიუმ გამოცდილებით ხვდება, რაზეც BMGTV-ზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა. მან გადაცემა "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის მიერ განვლილი 22 წელი შეაჯამა.

"22 წლის წინ, როდესაც გაიხსნა "გუდვილის" პირველი და, ზოგადად, პირველი ჰიპერმარკეტი მთელ საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, ეს იყო, ერთი მხრივ, ძალიან დიდი სიახლე ჩვენი ბაზრისთვის, მეორეს მხრივ კი - დიდი გამოწვევა "გუდვილის" დამფუძნებლისთვის და მთელი გუნდისთვის, იმიტომ რომ გუდვილი თავიდან ბოლომდე შემოვიდა სტანდარტით, რომელიც ახალი იყო ყველასთვის, მათ შორის, თავად გუნდისთვისაც.

ძალიან ბევრი ქარტეხილი გამოიარა კომპანიამ 22 წლის განმავლობაში. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ყველა გამოწვევიდან ჩვენი კომპანია უფრო და უფრო გაძლიერებული გამოდიოდა და ასე გამოდის დღესაც. ამას განაპირობებს ის, რომ ჩვენი კომპანიის მისია თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია მომხმარებელზე ორიენტირებულობაზე. არა იმაზე, რომ ესა თუ ის პროდუქტი დაიდოს რომელიღაც თაროზე და უბრალოდ გაიყიდოს, არამედ იმაზე, რომ მომხმარებელი არის პირველი, მთავარი და ამოსავალი წერტილი", - განაცხადა "გუდვილის" გენერალურმა დირექტორმა.

ახლა კი, "გუდვილმა" 22 წლის იუბილეს აღსანიშნავად განახლებული კონცეფცია წარადგინა, რომლის დებიუტი "გუდვილის" ვაკის ფილიალში შედგა. განახლებული ჰიპერმარკეტი ერთ სივრცეში „გუდვილის“ წარმოების პროდუქციასთან ერთად, ექსკლუზიური ევროპულ ბრენდებსა და ადგილობრივი ფერმერების ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებს აერთიანებს. ხაბაშვილის განმარტებით, რებრენდინგის მიზანი იყო მკაფიოდ გაეცა პასუხი კითხვაზე - რატომ "გუდვილი"?

"ჩვენ შევხედეთ პროცესს და ვთქვით, რომ საერთაშორისო, ძალიან ცნობილი ბრენდის პროდუქტები, იქნება ეს შოკოლადი, ზეთი თუ სხვა, მომხმარებელს შეუძლია, რომ ყველგან შეიძინოს. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვინდა, რომ მომხმარებლისთვის შეკითხვაზე - რატომ უნდა მივიდე "გუდვილში"? - ყოველთვის იყოს ძალიან მკაფიო პასუხი. ეს სწორედ ის კონცეფციაა, რომელზეც ვაკის ობიექტი არის აგებული.

ეს არის განსაკუთრებული, "გუდვილისთვის" დამახასიათებელი უმაღლესი ხარისხის, უგემრიელესი საკუთარი წარმოების პროდუქტების ხაზის კიდევ უფრო გაზრდა. პროდუქტების მომზადების პროცესები მაქსიმალურად გამოვიტანეთ დარბაზში, მომხმარებლის თვალწინ რომ ხდებოდეს ეს ყველაფერი, რადგან ჩვენი მომხმარებელი იმსახურებს არა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის პროდუქტს, არამედ იმასაც, რომ მაქსიმალურად ხედავდეს ამ პროდუქტის მომზადების პროცესს", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

რაც შეეხება რებრენდინგის ნაწილის, 22 წლის შემდეგ, კომპანიამ ლოგო სრულად განაახლა და მასში ახალი გზავნილები ჩადო.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბრენდის მახასიათებლები, ვიზუალური მახასიათებლებით, პირდაპირ თანხვედრაში იყოს ჩვენს რეალობასთან, ხედვასთან, ჩვენს მისიასთან, რომ როდესაც მომხმარებელი მაგალითად, ვიზუალურ მხარეს ხედავს, მისთვის გარკვეული ასოციაციები ავტომატურად მოდიოდეს: ის, რომ "გუდვილი" არის პირველი, ჩვენს ლოგოში გამოსახულია; ის, რომ "გუდვილი" არის ხარისხზე, მაღალი კლასის სერვისზე ორიენტირებული, ეს ჩვენ ლოგოში ჩადებული არის ფერების სახით. ის, რომ "გუდვილი" უწყვეტი და მუდმივი განვითარების გზაზეა და ყოველთვის იქნება ამ გზაზე, უსასრულობის ნიშანთან მიახლოებული ლოგოთი გამოჩნდა; პირველი ასო "გ", რომელიც ერთი შეხედვით, ავტომატურად აცოცხლებს იმ ისტორიას, დიდ გამოცდილებას, იმ ყველაფერს, რაც მოჰყვება ჰიპერმარკეტების პირველი ქსელს", - განაცხადა გიორგი ხაბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები