მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გუდვილმა“ სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტი გახსნა

6450e9ad87f18
ინგა მურუსიძე
02.05.23 14:55
2681
ჰიპერმარკეტების ქსელმა „გუდვილმა“ ფრანჩაიზით სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტი გახსნა.

ერევნის შესასვლელში განთავსებულ ახალ სავაჭრო ცენტრ „მულტი მეჯიქ მოლში“ „გუდვილის“ თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტია განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ „გუდვილის“ ობიექტი ერევანში წარმოდგენილია გასტრონომიული პროდუქტების მრავალფეროვანი არჩევანით, ქართული ტრადიციული კულინარიული კერძებით და ასევე პურ-ფუნთუშეულით.

„გარდა საკუთარი წარმოებისა, „გუდვილი“ სომხეთში მომხმარებლებს სთავაზობს ქართული პროდუქტების ნაირსახეობას, როგორიცაა, ღვინო, თაფლი, ყველი, კონსერვაცია და სხვა. სუპერმარკეტი მაქსიმალურად გაჯერებულია ქართული პროდუქციით, თუმცა, რა თქმა უნდა, არის ადგილობრივი ბრენდებიც და ასევე ჩვენი იმპორტი, მაგალითად ექსკლუზიურად ვთანამშრომლობთ იტალიურ ბრენდ Coop-თან, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს ახალ სუპერმარკეტში.

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სუპერმარკეტის დიზაინში მთავარი აქცენტი ქართულ ელემენტებზეა გაკეთებული. ინტერიერი გაფორმებულია თბილისის ხედებით, თაღებს კი თბილისური აივნების ორნამენტები ამშვენებს“, - განმარტავენ კომპანიაში.

სომხეთში პირველი ქართული სუპერმარკეტის გახსნას საქართველოს ელჩი სომხეთში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ასეთი დიდი დისტრიბუტორი შემოდის სომხურ ბაზარზე. ჩვენ გვაქვს ძალიან დადებითი სავაჭრო ბალანსი, ვითარდება ეკონომიკური ურთიერთობები, პოლიტიკური ურთიერთობების კვალდაკვალ, რომელიც უმაღლეს დონეზეა განვითარებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული ინვესტიციები, ქართულ კომპანიებს მწვანე შუქი აქვთ სომხურ ბაზარზე. პირველი მერცხალი გამოჩნდა „გუდვილის“ სახით და იმედია, ტენდენცია გაგრძელდება“, - განაცხადა შარვაშიძემ.

კომპანია „გუდვილი“ 2004 წლიდან ქართული საცალო ბაზრის ლიდერი ბრენდია. „გუდვილი“ პროდუქტის ასორტიმენტის და რეალიზაციის ზრდასთან ერთად საკუთარ წარმოებასაც აფართოებს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები