მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Gulf-ში აცხადებენ, რომ საწვავზე ფასი უახლოეს პერიოდში კიდევ შემცირდება

62f7565d6d6bd
მარიამ ვარადაშვილი
13.08.22 11:40
2592

“გალფის” გენერალური დირექტორის მოადგილის შავლეგ მიშველაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ყველა ტიპის საწვავზე ფასის შემცირებაა მოსალოდნელი.

“ყველასათვის ცნობილია, რომ ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტრენდი გვაქვს. ასევე სახეზეა ლარის გამყარება აშშ დოლარის მიმართ, ანუ იმ ვალუტასთან მიმართებით, რომელზეც სანავთობო ინდუსტრიაში გარიგებები იდება. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია ნავთობროდუქტებზე ფასის შემცირების მოლოდინი არსებობდეს. სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა რიგითობით მათ შორის, ჩვენთანაც დაახლოებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში ეს პროცესი უკვე მიმდინარეობს. ბოლო ორ კვირაში დიზელზე ფასი 30 თეთრით შევამცირეთ. ასევე, ყველა ტიპის ბენზინზე 10 თეთრით გვაქვს ფასი შემცირებული. ასევე, გიდასტურებთ, რომ კლების ტრენდი, ოღონდ ნუ მომთხოვთ ციფრები დაგიკონკრეტოთ, უახლოესი დღეების განმავლობაში გაგრძელდება და გარკვეული ნაბიჯები კიდევ გადაიდგმება”, - აცხადებს მიშველაძე. 

11 აგვისტოს ეკონომიკის სამინისტროში პრემიერის დავალებით ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრები ნავთობიმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედის შემდეგ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მთავრობა ელოდება, რომ მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასები შემცირდება.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, კერძო სექტორთან ერთად საწვავის ბაზარზე კონკურენციის, ასევე საწვავით მომარაგების იაფი წყაროების მოძიების საკითხები განიხილება, რამაც შესაძლებელია ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის არსებული ფასების შემცირება უზრუნველყოს.

“გალფის” ხელმძღვანელი ამბობს, რომ სექტორი მიწოდების იაფ წყაროებს მუდმივად ეძებს და ეს ნებისმიერი ინდუსტრიისთვის ბუნებრივი პროცესია.

“რა თქმა უნდა, იაფ წყაროს ყოველთვის ვეძებთ. ქვეყანა 100%-ით დამოკიდებულია იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებზე. აკვატორიაში არის რამდენიმე მომწოდებელი და ყოველთვის რომელიმე მომწოდებელს შესაძლოა გარკვეული კუთხით იაფად პროდუქტი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ბიზნესი იაფ წყაროს ეძებს, რათა მოსახლეობას საწვავი მაქსიმალურად იაფად შევთავაზოთ”, - ამბობს მიშველაძე. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები