მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„გული უნდა შესტკიოდეს საქართველოზე და აფხაზეთზე“ - რა კრიტერიუმებით შეირჩევა აფხაზეთის ა/რ მთავრობის ახალი თავმჯდომარე?

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, რუსლან აბაშიძის შემცვლელი კონსულტაციების შემდეგ შეირჩევა.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან კონსულტაციების შემდეგ იქნება შესაძლებელი კონკრეტულ კანდიდატებზე საუბარი. ამასთან, მან ის კრიტერიუმები დაასახელა, რომლითაც იხელმძღვანელებენ.

„მოვლენებს წინ არ გავუსწრებ, იქიდან გამომდინარე, რომ არსებითად არის საჭირო კონსულტაციები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან. დაველოდებით კონსულტაციებს. ამის შემდეგ შეიძლება კონკრეტულ კანადიდატებზე ვისაუბროთ, თუმცა რაც შეიძლება მალე უნდა წარიმართოს ეს პროცესი, ესაა სასურველი. კრიტერიუმებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს გამოცდილება, კომპეტენცია, კეთილსინდისიერება და რა თქმა უნდა, ამ ადამიანს გული უნდა შესტკიოდეს საქართველოზე და აფხაზეთზე, ესაა მთავარი კრიტერიუმები, რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ, დანარჩენს უკვე პროცესი გვიჩვენებს“,- აღნიშნა პრემიერმა.

კითხვაზე, თუ იგეგმება დევნილებთან მიმართებით ცვლილებები, კობახიძემ განაცხადა, რომ ყველა მიმართულებით გასააქტიურებელია მუშაობა.

„თვითონ მთავრობის პრეროგატივაც არის ეს ყველაფერი და ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ, მათ შორის, კონკრეტული ინიციატივები განხორციელების პროცესშია, იგივე განსახლების მიმართულებით და ა.შ., თუმცა ესეც არ არის საკმარისი და მაქსიმალურად გავაქტიურდებით ამ მიმართულებით და ბუნებრივია, აფხაზეთის მთავრობაც კიდევ უფრო უნდა გააქტიურდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა მიზეზი არ დაუსახელებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები