საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შოვში მიწის მესაკუთრეთა ინტერესები მაქსიმალურად იქნება დაცული. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც სტიქიის ზონაში მიწის მესაკუთრეთა ინტერესებს და სახელმწიფოს მხრიდან ამ მიწების ადგილმონაცვლებას შეეხებოდა.
2023 წლის აგვისტოში შოვში მომხდარი სტიქიის შეფასების შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 16 თებერვალს გამოქვეყნებული საბოლოო ანგარიშის მიხედვით, მდინარე ბუბისწყლის ხეობაში ღვარცოფების ფორმირებისა და ტრანზიტის ზონის არეალში რაიმე სახის კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარება რეკომენდებული არ არის, ამასთან სტიქიის ზონაში ახალი ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული შენობების ფუნქციონირება დაუშვებელია.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ ეს საკითხი დეტალური კონსულტაციების შემდეგ გადაწყდება.
“შოვში დასკვნა ასეთია: არ არის რეკომენდებული იქ ხელახალი განაშენიანება. დანარჩენი სამართლებრივი საკითხია. ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გულისყურით მოვეკიდებით თითოეული იმ ადამიანის ინტერესს, რომელსაც შოვში ჰქონდა კონკრეტული მიწის ნაკვეთი და ინფრასტრუქტურა, დანარჩენი კი შესაბამის მინისტრებთან დეტალური კონსულტაციების საფუძველზე დადგინდება, მათ შორის სამართლებრივი პრინციპების ჭრილში, თუ როგორ უნდა გაგრძელდეს იქ ამ ტიპის პროცესები, რა სახის კომპენსაციები უნდა გაიცეს ადამიანების მიმართ”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.
შოვში, სტიქია 2023 წლის 3 აგვისტოს მოხდა. მდინარე ბუბისწყლის ხეობაში განვითარებულმა სტიქიამ კურორტზე 26 ჰა ფართობზე არსებული საცხოვრებელი სახლების, ინფრასტრუქტურის განადგურება გამოიწვია. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 32 და დაკარგულად ითვლება 1 ადამიანი.