სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია თუ საკმარისი ადამიანი არ არის რატომ იკეტება რუსთაველის გამზირი. იოსელიანის თქმითვე, უმეტეს შემთხვევაში აქციის მონაწილეები სავალ გზას იმ დროს კეტავდნენ, როცა გზის ჩასაკეტად საკმარისი ოდენობის ხალხი არ იყო.
"ზოგადად გზა იკეტება იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის საკმარისი რაოდენობის ადამიანია. მთელი ამ 300 დღის მანძილზე ვადევნებდით თვალყურს დღეებს, როდესაც იყო საკმარისი რაოდენობის ადამიანი და იკეტებოდა გზა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ამ ადამიანების რაოდენობა არ იყო შესაბამისი იმისთვის, რომ გზა გადაკეტილიყო, თუმცა მაინც იკეტებოდა. მთავარია, რომ ეს პროპორცია იყოს დაცული.
დაცული უნდა იყოს ადამიანების გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ ამავე დროს იმ ადამიანების გადაადგილების უფლება, ვინც რუსთაველზე მოძრაობს, არ შეიძლება 10-მა, 20-მა, გინდა 100-მა კაცმა შეაფერხოს. გულწრფელად რომ გითხრათ, არ მესმის ამ ქუჩის გადაკეტვის აკვიატება მთელი წლის მანძილზე", - ამბობს იოსელიანი.
გასულ კვირაში "ქართული ოცნების" პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილე 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციული პატიმრობით დაისჯება ტრანსპორტის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვისთვის, თუ რაოდენობის გათვალისწინებით აქციის ჩატარება სხვაგვარად შესაძლებელია. იგივე ქმედების განმეორება კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. ბოლო დღეებში პოლიციამ ათობით ადამიანი დააკავა "გზის ხელოვნურად გადაკეტვის" ბრალდებით.




























