მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გულწრფელი ვარ და ვამბობ, რომ შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე - დავითაშვილი

აეროპორტსი

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი პირდაპირი ამბობს, რომ შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე.

"გულწრფელი ვარ და ვამბობ, რომ შექმნილი ვითარება ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე“ - განაცხადა მან BMG-ის კითხვის პასუხად, რომელიც შიდა პოლიტიკური კრიზისის და ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მიერ, მათ შორის აშშ-ის მიერ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის „მაგნიტსკის აქტით“ დასანქცირების ქვეყნის რეპუტაციასა და ეკონომიკაზე გავლენას შეეხებოდა.

„მე ვიქნები გულწრფელი ჩემს შეფასებებში და არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ ჩვენი გუნდის წევრის [ვახტანგ გომელაური] დასანქცირება არაა დამაზიანებელი, მათ შორის ეკონომიკურ პროცესებისთვის, რადგან ეს ქვეყნის რეპუტაციისთვის შემლახველი და სამწუხარო ფაქტია, მაგრამ იმედი მაქვს, ეს გადაწყვეტილება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მიერ შეიცვლება. დიდი მოლოდინი მაქვს, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან გვექნება ძალიან გულწრფელი და ღია დიალოგი, ინფორმაციის გაცვლა, რაც საშუალებას მოგვცემს, ჩვენ გადავტვირთოთ ჩვენი ურთიერთობები და თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხზე ავიყვანოთ აშშ-თან ჩვენი ურთიერთობა. ეს ალბათ იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი სხვა ქვეყნებისთვისაც და აქედან გამომდინარე, ზოგადად, საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის რეპუტაციის გაუმჯობესება მოხდება და ეს იქნება მნიშვნელოვანი გზავნილი საინვესტიციო საზოგადოებისთვის. ეს ყველაფერი კი დადებით გავლენას მოახდენს ეკონომიკურ პროცესებზეც“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ექნება საერთაშორისო მხარდაჭერა და აღიარება, რაც საზოგადოებას და ბიზნესს გაამხნევებს.

„საერთაშორისო მხარდაჭერა ჩვენს საზოგადოებას უფრო გაამხნევებს და მისცემს იმის იმედს, რომ ჩვენი გზა წარმატებისკენ მიმავალი გზაა. ეს ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ეფექტიანი დიპლომატიით მოხდება.

იცით, რომ 2025 წლიდან პოლიტიკური ლანდშაფტი მნიშვნელოვნად შეიცვლება. ჩვენი მოლოდინებია, რომ დიალოგის პარალელურად, საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ გვექნება მნიშვნელოვანი აღიარება და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა. ყველაზე მეტად საზოგადოებას, განსაკუთრებით ბიზნესს, დღეს, აწუხებს ქვეყნის პოტენციური იზოლაცია; რა თქმა უნდა, ამასაც გაეცემა პასუხი, რომ ქვეყანას არ ექნება იზოლაციის რისკი. საქართველო შეძლებს აქტიურად ითანამშრომლოს თავის სტრატეგიულ პარტნიორებთან, რათა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს პარტნიორობის რეჟიმი, მათ შორის აშშ-თან“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები