მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გურამ ბაღდოშვილი რესტორან „ჩვენი“-ს პირველ ფილიალს ლისაბონში ხსნის

ჩვენი

რესტორანი „ჩვენი“ საქართველოს ფარგლებს გარეთ გადის. მისი დამფუძნებელი, შეფ გურამ ბაღდოშვილი ქვეყნის გარეთ პირველი ფილიალის გახსნას პორტუგალიის დედაქალაქში გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას გურამ ბაღდოშვილი ამბობს, რომ „ჩვენი ლისაბონი“-ს გახსნა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრისთვის სურთ და ამისთვის ქალაქის გულში შესაფერისი ფართიც უკვე ნაყიდი აქვთ. რესტორნის გახსნის საინვესტიციო ღირებულება კი 300 000 ევროა.

„ჩვენ შევიძინეთ კომპანია, რომელიც 130 წლის არის. პორტუგალიაში ჩემმა 20-წლიანი პრაქტიკამ და ურთიერთობებმა ხელი შემიწყო, რომ ასეთი კარგი ადგილი მეპოვა. შედეგად ლისაბონის გულში ახალი ღვინის რესტორანი „ჩვენი ლისაბონი“ დაიბადება.

სივრცე, რომელიც ჩვენ რესტორნისთვის შევიძინეთ 1930 წელს არის გახსნილი. მიმდინარე თვის ბოლოდან ამ ფართის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას დავიწყებთ. რესტორნის გახსნას სექტემბერ-ოქტომბერში ვფიქრობთ.

ბრენდის ექსპორტისას ჩვენ წავიღებთ „ჩვენი“-ს ადგილობრივ მენიუს პროტოტიპს. „ჩვენი“-ს ადგილობრივ ბაზარზე საკმაოდ დიდი მდგრადობა აქვს. ის ყოველწლიურად მოგებიანობის კუთხით 20%-ით იზრდება და უფრო ცნობადი ხდება, რადგან ამისთვის საერთაშორისო ბაზარზე ძალიან ბევრ ინტერვიუს და პროგრამებს ვაკეთებ „ჩვენი“-ს ბრენდირებით. რესტორანში 80% ქართული ღვინოები გვექნება, ხოლო 20% ადგილობრივი, პორტუგალიური ღვინოები, რათა ადგილობრივ ღვინის მოყვარულებს პორტუგალიურთან ერთად ქართული ღვინოც შევთავაზოთ“, - ამბობს შეფი.

ქვეყნის საზღვრებს გარეთ რესტორნის პირველი ლოკაცია 50 პერსონაზე იქნება გათვლილი და 12-15 ადამიანს დაასაქმებს.

„აუცილებლად ვეცდებით, რომ ადგილზე მყოფი Horeca სფეროში გამოცდილი ქართველები დავასაქმოთ. რადგან მათ ენის ბარიერი გადალახული, შიდა დისციპლინა კი განვითარებული ექნებათ, რაც ევროპაში მნიშვნელოვანი ფაქტორებია“, - აღნიშნავს გურამ ბაღდოშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები