საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გურამ გურამიშვილი საქაერონავიგაციაში დასაქმდა.
როგორც BMG-ის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მინისტრის ექსმოადგილე საქაერონავიგაციაში, სამეთვალყურეო საბჭოს წევრად დაინიშნა. საკადრო ცვლილების მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
ცნობისთვის, მარიამ ქვრივიშვილს სულ 6 მოადგილე ჰყავს.
როგორც დღეს გახდა ცნობილი, მინისტრის მოადგილის პოსტზე გურამ გურამიშვილი თამარ იოსელიანმა ჩაანაცვლა, რომელსაც შპს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა.
საქაერონავიგაცია სახელმწიფო კომპანიაა, რომლის მისიაა, საქართველოს საჰაერო სივრცის (FIR) მომხმარებლებს გაუწიოს უსაფრთხო, ეფექტიაინი და ეფექტური სააერნაოსნო მომსახურება ქვეყნის კანონმდებლობის და საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციების სტანდარტების შესაბამისად.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წელს "საქაერონავიგაციას" 171.6 მილიონი ლარის საოპერაციო შემოსავალი ჰქონდა, რაც წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:
შემოსავალი ტრანზიტულ რეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურების გაწევიდან - 120.8 მილიონი ლარი;
შემოსავალი დაშვების/აფრენის მომსახურებიდან - 50 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად 2024 წელს "საქაერონავიგაციას" 40 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, კომპანიის უმსხვილეს ხარჯს მასში დასაქმებული 844 ადამიანის ანაზღაურება და ბონუსები წარმოადგენდა, რომელმაც გასულ წელს 82.6 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიას სულ 117 ავიამეთვალყურე ჰყავს.
"საქაერონავიგაციის" აქტივები 308 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი ინფრასტრუქტურა და აქტივები საქართველოს მასშტაბით განთავსებული სარადარო სადგურებია.




























