საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ეს დაკავშირებულია, როგორც პანდემიის შემდგომი საავიაციო სექტორის აღდგენასთან, ასევე რუსეთ-უკრაინის ომის გამო უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვასთან. დასავლური ავიაკომპანიებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის დახურვის გამო, საქართველოს საჰაერო სივრცის გლობალური მნიშვნელობა მკვეთრად გაიზარდა.
ევროპიდან აზიაში მიმავალი ხომალდების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენებით ასრულებს ფრენებს. უსაფრთხო გადაადგილების სანავიგაციო მოსაკრებლებს ავიაკომპანიები "საქაერონავიგაციას" უხდიან, რომლებმაც 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის თანახმად, გასულ წელს 234,293 გადაფრენა შედგა საქართველოს საჰაერო სივრცეში, რაც წლიურ ჭრილში 30%-იან ზრდას წარმოადგენდა, შესაბამისად საქართველოს დღეში საშუალოდ 642 გადამფრენი თვითმფრინავი კვეთდა, მაშინ როდესაც 2023 წელს ეს მაჩვენებელი დღეში 495 გადაფრენა იყო. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, გასულ წელს 25%-ით გაიზარდა საქართველოს აეროპორტებიდან შესრულებული ფრენები და გასულ წელს 64,731 აფრენა/დაფრენა შედგა, რაც დღეში 177 აფრენა/დაფრენას ნიშნავდა. ანგარიშის თანახმად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დღეში 125 აფრენა/დაფრენას ემსახურებოდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი დღეში 26 ფრენას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი კი დღეში 22 აფრენა/დაფრენას.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, "საქაერონავიგაციას" გასულ წელს 171.6 მილიონი ლარის საოპერაციო შემოსავალი ჰქონდა, რაც წყაროების მიხედვით ასე ნაწილდება:
- შემოსავალი ტრანზიტულ რეისებზე საჰაერო ნავიგაციის მომსახურების გაწევიდან - 120.8 მილიონი ლარი;
- შემოსავალი დაშვების/აფრენის მომსახურებიდან - 50 მილიონი ლარი.
ფინანსური ანგარიშის თანახმად 2024 წელს "საქაერონავიგაციას" 40 მილიონი ლარის წმინდა მოგება ჰქონდა, კომპანიის უმსხვილეს ხარჯს მასში დასაქმებული 844 ადამიანის ანაზღაურება და ბონუსები წარმოადგენდა, რომელმაც გასულ წელს 82.6 მილიონი ლარი შეადგინა. კომპანიას სულ 117 ავიამეთვალყურე ჰყავს.
"საქაერონავიგაციის" აქტივები 308 მილიონ ლარს, ვალდებულებები კი 12 მილიონ ლარს შეადგენს. კომპანიის ძირითადი ინფრასტრუქტურა და აქტივები საქართველოს მასშტაბით განთავსებული სარადარო სადგურებია.




























