2025 წელს საქართველოს თავზე სულ 302,416 სატრანზიტო ფრენა შესრულდა, რაც დღეში 828 ფრენას ნიშნავს. შედარებისთვის, 2024 წელს ფრენების რაოდენობა იყო 295,527, რაც დღეში 810-ს უდრიდა. ამ მხრივ მატება 2.3%-ია. 2026 წელს სავარაუდოდ აღნიშნული ფრენების რიცხვი გაზრდილია, რაც დაკავშირებულია 2026 წლის თებერვლიდან ირანის ომის დაწყებასთან და ირანული საჰაერო სივრცის ტრანზიტისთვის დახურვასთან.
გარდა გადაფრენებისა, 2025 წელს საქართველოს აეროპორტებიდან შესრულდა 73,357 ერთეული აფრენა/დაფრენა, რაც დღეში 201 რეისს ნიშნავდა, შედარებისთვის 2024 წელს საქართველოს აეროპორტებში 64,731 ფრენა შესრულდა, რაც დღეში 177 ფრენას უდრის. ამ მხრივ ზრდა 13.3%-ია.
საქაერონავიგაციის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა რომ მიუხედავად იმისა რომ გასულ წელს საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა გაიზარდა, მიღებული შემოსავალი შემცირდა, რაც ერთი გადამფრენი ხომალდის მიერ გადახდილი საფასურის კლებასთან არის დაკავშირებული.
ფინანსური ანგარიშგების თანახმად, მარშრუტის მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 24.7%-ით შემცირდა და 91 მლნ ლარი შეადგინა. ამ პერიოდში ანაზღაურებადი გადაფრენების რაოდენობა 295,136-დან 301,960-მდე გაიზარდა, თუმცა მომსახურების ტარიფი 22.9%-ით შემცირდა, შედეგად ერთი ანაზღაურებადი გადამფრენი თვითმფრინავიდან მიღებული საშუალო შემოსავალი 409 ლარიდან 301 ლარამდე შემცირდა. ამასთან, კომპანიის ანგარიშში არ არის განმარტებული თუ რატომ მოხდა მომსახურების საფასურის შემცირება.
საპირისპირო ტენდენცია იყო ტერმინალურ (აფრენა/დაფრენის) მომსახურებაში. ამ მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი 42.2%-ით გაიზარდა და 71.2 მლნ ლარი შეადგინა. ტერმინალური ფრენების რაოდენობასთან ერთად, 21.7%-ით გაიზარდა მომსახურების ერთეულების რაოდენობაც, ხოლო მომსახურების ტარიფი 1,457 ლარიდან 1,489 ლარამდე გაიზარდა.
მთლიანობაში კომპანიის შემოსავალი 2025 წელს 5.1%-ით შემცირდა და 162.8 მლნ ლარი შეადგინა. ფინანსური ანგარიშგების თანახმად, შემოსავლის ძირითადი წყარო მარშრუტის საჰაერო ნავიგაციის მომსახურება იყო, საიდანაც კომპანიამ 91 მლნ ლარი მიიღო. ეს 2024 წლის 120.8 მლნ ლართან შედარებით 24.7%-ით ნაკლებია. საპირისპიროდ, ტერმინალური მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი 42.2%-ით გაიზარდა და 71.2 მლნ ლარი შეადგინა. სხვა შემოსავალი 584 ათასი ლარი იყო.
























