"გურიაში „ბახვი ჰესის“ მშენებლობა საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს“, - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „ბახვი ჰესის“ დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, პროექტის საინვესტიციო ღირებულება 100 მილიონ დოლარამდეა, რომელიც ინვესტორმა კომპანია კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგმა (CCEH) ევროპული და ამერიკული საფინანსო ინსტიტუტებიდან მოიზიდა.
- ჰესის მშენებლობის ნებართვა 2023 წლის ბოლოს მივიღეთ და მშენებლობაც მაშინვე დავიწყეთ. პროცესი საკმაოდ დადებითად მიმდინარეობს. ადგილობრივებთან ძალიან ხშირი და პროაქტიური კომუნიკაცია გაქვს, ალბათ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რაც სხვა პროექტებისგან გამოგვარჩევს. ჯამში, ბახვი ჰესი 1 და ბახვი ჰესი 2-ის დადგმული სიმძლავრე 46 მეგავატია. ბახვი ჰესი 2-ის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის ბოლო ან 2025 წლის დასაწყისი, ხოლო ბახვი 1-ის - 2025 წლის ბოლო.
- ვიცით რა, როგორი განწყობებია მეტწილად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის მიმართ, როგორ მოახერხა „ბახვი ჰესის“ მენეჯმენტმა ადგილობრივ თემთან კომუნიკაციის აწყობა?
- თავიდან ასე არ იყო... იყო პროტესტი. მდინარე ბახვი ბახმაროში გაივლის და ჩვენ დაბლა ვაშენებთ ჰესს, მაგრამ მაინც იყო ნეგატიური ტალღა იმის თაობაზე, რომ კურორტი ბახმარო დაიტბორება და ა.შ. ჩვენ სულ ხაზს ვუსვამდით იმას, რომ ვცდილობთ, გურიაში დავნერგოთ დასავლეთის საუკეთესო პრაქტიკები, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თავიდანვე დავამყარეთ გამჭვირვალე კომუნიკაცია ადგილობრივ თემთან. მაგალითად: ყოველთვიურად გამოვცემთ ბიულეტენს პროექტის სიახლეების შესახებ და კარდაკარის პრინციპით ვურიგებთ ადგილობრივებს - არის ერთგვარი ანგარიშვალდებულება მოსახლეობის წინაშე; გარდა ამისა, შევქმენით ე.წ. საკონსულტაციო 12-წევრიანი საბჭო, რომელშიც შედიან ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, ადგილობრივი მეწარმეები და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და რიგ თემებთან დაკავშირებით მათთან გავდივართ კონსულტაციას. ჩვენი სლოგანია - ერთად ავაშენოთ „ბახვი ჰესი“ და ამას მაქსიმალურად ვცდილობთ.