სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გურიის რეგიონში, ოზურგეთში სახელმწიფოს კონტრაქტორი ჩინური კომპანია საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს არაჯეროვნად ასრულებს. ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამავე კომპანიის მიერ შესრულებულ წინა პროექტთან დაკავშირებით სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში გამოძიება არის დაწყებული.
"სამუშაოებს აწარმოებს ჩინური კომპანია, რომელიც ძალიან რბილად რომ ვთქვათ, მთლად კეთილსინდისიერად თავის მოვალეობას არ ასრულებს. ამ კომპანიის მიმართ სხვა ადგილზე ჩატარებული სამუშაოების გამო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში დაწყებულია გამოძიება, წინა დღეებში დაიწყო, როგორც ვიცი და თუ არ ვცდები. და რაც არ უნდა შეაყოვნოს თავისი ვალდებულებების შესრულება, მე მგონია, რომ მოუწევს ნებისმიერ ამ ჩინურ კომპანიასაც და სხვა კომპანიასაც ნებისმიერს თავისი ვალდებულებების პირნათლად შესრულება. სამწუხაროდ, საქართველოში მოქმედი კომპანიები, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, ანუ ნაწილი მათი, ძალიან შეეჩვია ბოლო წლების განმავლობაში იმას, რომ ჯეროვნად არ შეასრულებდნენ საკუთარ ვალდებულებებს და შემდეგ ეს შერჩებოდათ ხოლმე. მე ვაძლევ გარანტიას ყველას, რომ არავის შერჩება არაკეთილსინდისიერად და მით უმეტეს და განსაკუთრებით დანაშაულებრივად შესრულებული ვალდებულებები. თუ აკეთებ საქმეს - კეთილი ინებე და გააკეთე ისე, რომ ხარისხზე მერე მოსახლეობამ ვერ იწუწუნოს და სათქმელი არ ჰქონდეს არც ხელისუფლებასთან, არც კომპანიასთან და არც საკუთარი დისკომფორტის ფასად არ უნდა გადაადგილდებოდეს საკუთარ სახლებთან თუ საკუთარ რეგიონებში თუ საკუთარ ქალაქებში. ამიტომ ყველას მოუწევს თავისი ვალდებულებების შესრულება, ამას უზრუნველყოფთ,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
BMG დაუკავშირდა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურს, სადაც არ დააკონკრეტეს თუ რომელ კომპანიაზე არის საუბარი.
BMG შეეცდება გაარკვიოს თუ უშუალოდ რომელ კომპანიასთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.




























