გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ კანონპროექტს „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“.
კანონპროექტის მიღების შედეგად ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 15 310 ჰა ფართობზე შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია, რომელსაც მიენიჭება გურიის ეროვნული პარკის სტატუსი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის ნინო თანდილაშვილის განმარტებით, კანონპროექტის შექმნის პროცესში გურიის ტერიტორიაზე ჩატარდა შესაბამისი კვლევები და მოხდა იმ ადგილების იდენტიფიცირება, სადაც შესაძლებელი იქნებოდა დაცული ტერიტორიების - გურიის ეროვნული პარკის შექმნა.
ნინო თანდილაშვილის განცხადებით, ეს იქნება პირველი ეროვნული პარკი გურიის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამ ტერიტორიის ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას. მისივე განცხადებით, დაცული ტერიტორიის შექმნა არ შეუშლის ხელს ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციული საქმიანობის განხორციელებას და ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის განვითარებას.
„მეათე მოწვევის პარლამენტში ჩვენ არაერთი დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხს დავუჭირეთ მხარი, რამაც საერთო ჯამში 13%-ით გაზარდა ამ ტერიტორიების საერთო ფართობი. ჩვენი ენდემური ბიომრავალფეროვნების დაცვის გარდა ეს ეხმარება რეგიონების განვითარებას და შეიტანს ეკონომიკაში მეტ წილს. რაც მთავარია, დაცული ტერიტორიების სიკეთე და სარგებელი კარგად გაიგო ჩვენმა მოსახლეობამ“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.
გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ კანონპროექტში გაწერილია, რომ მისი მიღების შემდეგ უნდა შეიქმნას გურიის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია, სადაც საჭიროა არაუმეტეს 20 საშტატო ერთეული.
ამასთან, კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთვის, 2024 წელს სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის საჭიროა დაახლოებით 767,590 ლარი, საიდანაც ძირითადი ნაწილის 713,590 ლარის დაფინანსება მოხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილის 54,000 ლარის კი სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.
აღნიშნული ასიგნებები გათვალისწინებულია სსიპ - დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადში და ასახულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ბიუჯეტში.
მომდევნო სამ წელიწადში (2025-2027 წწ), ყოველწლიურად სააგენტოსთვის საჭირო იქნება დამატებით არანაკლებ 399,180 ლარი, საიდანაც ნაწილი 327,180 ლარი დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი 72,000 ლარი კი სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან.