მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გურიის რეგიონში მდგომარეობა რთული რჩება" - რა მოისმინა კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე

სს

"ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე გურიის რეგიონში დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრის კუთხით დღის განმავლობაში შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიში მოისმინა.

ირაკლი კობახიძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შტაბის სხდომაზე, რომელშიც "ოცნების" პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, ასევე დეტალურად განიხილეს ღამის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების გეგმა.

"შტაბმა დეტალურად იმსჯელა თითოეული მუნიციპალიტეტის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე, ასევე იმ საკითხებზე, რომლებიც მოსახლეობას უკვე მოუგვარდა, მათ შორის საკვების, მედიკამენტების მიწოდების, გზის გაწმენდისა და ელექტრომომარაგების აღდგენის კუთხით.

აღინიშნა, რომ სამუშაოები აქტიურად გრძელდება, თუმცა რთული რელიეფისა და თოვის ინტენსივობის გათვალისწინებით, მდგომარეობა ჯერ ისევ რთული რჩება.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მაქსიმალური კოორდინაციისა და რესურსების პრიორიტეტიზაციის მნიშვნელობას. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია, რაც შეიძლება მოკლე ვადაში დასრულდეს სოფლებთან დამაკავშირებელი ძირითადი მაგისტრალური გზების გაწმენდა, რათა მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდებოდეს როგორც სამედიცინო მომსახურება, ისე - ელექტროენერგია.

ამ მიზნით გურიის რეგიონში უახლოეს საათებში მობილიზებული იქნება დამატებითი სპეცტექნიკა, რომელიც სოფლებთან მისასვლელი გზების გაწმენდის პროცესში ჩაერთვება.

შტაბის სხდომაზე განისაზღვრა ყველაზე კრიტიკული მიმართულებები, სადაც თოვლის საფარის სიმაღლე ორ მეტრს აღემატება და რომლებზეც გზის გაწმენდითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება", - წერს კობახიძის პრესსამსახური.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები