სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2021-2022 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა.
აუდიტის შედეგად გამოვლინდა, რომ მუნიციპალიტეტმა დაგეგმა და შეისყიდა ისეთი პროექტები, რომლებიც უფუნქციოა და არ იყენებს. შესაბამისად, ბიუჯეტიდან გაწეულია 57 ათას 400 ლარის არაეფექტიანი ხარჯი და დასახული მიზანი არ არის მიღწეული.
აუდიტის ჯგუფმა მოწყობილი ობიექტები დაათვალიერა მერიის წარმომადგენლებთან ერთად. გამოვლინდა, რომ ზოგიერთი ობიექტი უფუნქციოა და მოსახლეობა ვერ იყენებს.
მაგალითად, 2021 წელს სოფელ ვეჯინში ტურისტების მომსახურებისათვის მოეწყო ობიექტი, ღირებულებით − 38.4 ათასი ლარი. პროექტი გათვლილი იყო ტურისტების შესვენებისა და მომსახურებისათვის. ობიექტი არ ფუნქციონირებს – მისი ექსპლოატაციისათვის საჭიროა დამატებითი სამუშაოების შესრულება. კერძოდ, მუნიციპალიტეტი გეგმავს ტერიტორიის კეთილმოწყობას, გადასახედის, მაგიდებისა და სკამების მოწყობას.
2022 წელს კი სოფელ კოლაგში მოეწყო სკვერი, ღირებულებით −19.0 ათასი ლარი. ობიექტი მდებარეობს დაუსახლებელ ადგილას, სოფლისაგან მოშორებით და მოსახლეობა მას ვერ იყენებს. დასკვნა მუნიციპალიტეტის საქმიანობა ობიექტების საჭიროებისა და დასაბუთების მხრივ მიმდინარეობდა ხარვეზებით. კერძოდ, ინფრასტრუქტურული პროექტების არასათანადო დაგეგმვის გამო, მუნიციპალიტეტმა არაეფექტიანად დახარჯა 57.4 ათასი ლარი და ვერ მიაღწია პროექტების განხორციელებით განსაზღვრულ შედეგებს.
აუდიტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს წინასწარ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად. შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს გათვალისწინებულ უნდა იქნეს შესყიდვის განხორციელების აუცილებლობა. მუნიციპალიტეტმა უნდა დანერგოს ფინანსური მართვისა და კონტროლის ისეთი სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახსრებისა და რესურსების ეკონომიურად, ეფექტიანად და პროდუქტიულად გამოყენებას.