მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გუშინ ბიზნესასოციაციებმა მივმართეთ პრემიერს - დღეს პრემიერი აღარ არის: ლევან ყარალაშვილი

602e40f1b0e24
ვიქტორია მღებრიშვილი
18.02.21 14:17
2644
თბილისი ცენტრალისა და "სავაჭრო ცენტრების ასოციაციის" ხელმძღვანელი ლევან ყარალაშვილი, რომელმაც გუშინ 10 ბიზნეს ასოციაციასთან ერთად პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას მიმართა, დღეს მთავრობის მეთაურის გადადგომით დაბნეულია და არ იცის, როგორ წარიმართება მოვლენები. 

გადაცემა „საქმის კურსში“ მან გიორგი გახარიასა და ბიზნესის ურთიერთობის საკითხი შეაფასა და არსებული მდგომარეობა შტორმში უკაპიტნოდ დარჩენილ გემს შეადარა.

„დღეს ქვეყანაში სამი კრიზისია - ეკონომიკური, პანდემიური და პოლიტიკური. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა გავლენას ახდენს ბიზნესზე, რადგან რამის პროგნოზირება ძალიან რთულია. გუშინ 10 ასოციაციის სახელით გავაკეთეთ განცხადება, მივმართეთ პრემიერს და დღეს პრემიერი აღარ არის. ძალიან რთულია, როდესაც ფაქტობრივად გადაწყვეტილების მიმღების გარეშე რჩება გემი, რომელიც შტორმშია,  აქეთ-იქით ენარცხება და უცბად კაპიტნის გარეშე რჩება...გამაოგნებელი იყო ჩვენთვის ასეთი გადაწყვეტილება...თუნდაც ის პროგრამა, რასაც მეტ-ნაკლებად მიჰყვებოდა ხელისუფლება - ეს იყო ყოველკვირეული კომუნიკაცია და მდგომარეობის განხილვა - ეს ყველაფერი კვლავ რისკის ქვეშაა, მაშინ, როდესაც ჩვენ უკვე გვქონდა პირველი ნიშნები, რომ ქვეყანა მეტ-ნაკლები სტაბილიზაციისკენ მიდიოდა“, - განაცხადა ყარალაშვილმა.

სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გიორგი გახარიასთან მათ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების გარანტიები არ ჰქონდათ, თუმცა დღეს უკვე ყოფილ პრემიერს ესმოდა ბიზნესის.

„დღეს ისევ დაბნეულები ვართ, არ ვიცით ვის ველაპარაკოთ, იმიტომ რომ არ ვიცით ვინ არის საჭესთან, ვინ არის გადაწყვეტილების მიმღები. პრემიერი ამავე დროს იყო საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელი, რომელიც კვირაში 2-ჯერ იკრიბებოდა და ყველაფერი ეს დღეს ჰაერში რჩება. ახლა ეპიდემიოლოგების იმედზე თუ უნდა ვიყოთ“, - ამბობს ლევან ყარალაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები