გუშინ კონგრესში ვიხილეთ ჩვეულებრივი ღალატი, - ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კონგრესში, საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენას.
“გუშინ რაც ვიხილეთ კონგრესში, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი. გუშინ ვანო [ჩხიკვაძე] და ნატალია [საბანაძე] - სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, სხვა სახელი არ შეიძლება ამას ეწოდოს. ქვეყანა, რომელიც მხარს გიჭერთ. ძალიან დასანანი და სამწუხაროა”, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, სანქციების უნდა ეშინოდეს კოლექტიურ “ნაციონალურ მოძრაობას”. პრემიერმა აქვე არ უპასუხა კითხვას, თუ რომელია ქვეყანა, რომელიც “რუსულ კანონს” მხარს უჭერს.
“კანონთან დაკავშირებით არგუმენტები არ არსებობს. მე ყველას შევთავაზე საჯარო დისკუსია, მაგრამ უარი თქვეს. გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა, ისევე როგორც რევოლუციის, მეორე ფრონტის და არეულობის პრევენციას. სწორედ ამას ემსახურება კანონი. თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, კეთილი ინებონ და დამისხდნენ საჯარო დისკუსიაში”, - თქვა პრემიერმა.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მთავრობამ ქვეყანა რუსეთს ჩააბარა, კობახიძემ რეპლიკით უპასუხა: “როგორ შეიძლება ასეთი სისულელის თქმა? რაის რუსეთს ჩაგაბარეთ?”.