საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებებს უსამართლო უწოდა. მისი თქმით, ეს არის საქართველოს სახელმწიფოზე კონკრეტული ამერიკელი პოლიტიკოსების მხრიდან თავდასხმა. კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ-ის ხელისუფლებას გადატვირთვის დღის წესრიგი სთავაზობს.
“თქვენ იცით, რამდენი რამ გაფუჭდა ამ ურთიერთობებში გასული 3-4 წლის განმავლობაში. ამ ფონზე ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს ესაჭიროება გადატვირთვა. ეს არის ჩვენი შეთავაზება. ამ ფონზე ის განცხადებები, რომლებიც მოვისმინეთ და ასევე მთელი ის აქტები, რომლებიც ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელდა, არის კონტრპროდუქტიული. ვიტოვებ იმედს, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან იქნება პრაგმატული გადაწყვეტილებები, რაც ხელს შეუწყობს ურთიერთობების გადატვირთვას”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ ურთიერთობების გადატვირთვა თანაბრადაა საქართველოს და აშშ-ის ინტერესებში.
მისივე თქმით, “ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, აშშ არის დიდი სახელმწიფო მსოფლიო გავლენით. ჩვენ ბევრის შეცვლა არ შეგვიძლია გადატვირთვის თვალსაზრისით, ყველაფერი არის ამერიკელი პარტნიორების ხელში“.
გარდა ამისა, კობახიძემ აღნიშნა, რომ კონგრესში არავის უხსენებია მოლდოვაში არსებული ვითარება, განცხადებები გაკეთდა მხოლოდ საქართველოზე, ეს კი, მისივე თქმით, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მიმართ არსებობს ის ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ.
„ეს განცხადებები არის უსამართლო. ამ განხილვის დროს, თუ არ ვცდები, არავის უხსენებია ის, რომ მოლდოვაში ბოლო წლების განმავლობაში 10-მდე მედიასაშუალება დაიხურა. ეს აშშ-ის კონგრესში განხილვის საგანი არ ყოფილა. არავის უხსენებია, რომ მოლდოვა დსთ-ს წევრად რჩება და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვის კუთხით მოლდოვაში სერიოზული პრობლემებია. აქედან შეგვიძლია მარტივი დასკვნა გავაკეთოთ - საქართველოს მიმართ არსებობს ის ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.