მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

გუშინდელ აუქციონზე სულ სამი მანქანა შევიძინეთ... ბიზნესი გაურკვევლობაში ვერ ვითარდება|CarMark

ირაკლი კუხიანიძე

ავტოიმპორტიორი კომპანია CarMark-ის დირექტორის ირაკლი კუხიანიძის განცხადებით, 6 წელზე ძველ ავტომობილებზე აქციზის მკვეთრი ზრდის დაანონსებამ ავტობაზარზე დაბნეულობა გამოიწვია.

„გუშინდელ აუქციონზე სულ სამი მანქანა შევიძინეთ... ბიზნესი გაურკვევლობაში ვერ ვითარდება“, - აცხადებს ირაკლი კუხიანიძე.

ავტოიმპორტიორი კომპანია CarMark-ი საქართველოს ბაზარზე 2005 წლიდანაა და ამჟამად, მანქანების იმპორტს აშშ-დან, ჩინეთიდან, იაპონიიდან და ევროპის ქვეყნებიდან ახორციელებს, თუმცა ძირითადი ნაკადი აშშ-დან ჩამოჰყავს.

როგორც CarMark-ის დირექტორმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, კომპანიის გაყიდვების 65% 6 წელზე ძველ ავტომობილებზე მოდიოდა, ამიტომ მისი მოლოდინია, რომ კომპანიას გაყიდვები მკვეთრად შეუმცირდება.

ირაკლი კუხიანიძის შეფასებით, 6 წელზე ძველი ავტომობილების აქციზის თითქმის 6-ჯერ გაძვირება, ფაქტობრივად, აკრძალვის ტოლფასია.

- ვთვლი, რომ ამკრძალავი ტარიფია და ძალიან დაგვაზარალებს... მეტიც, უკვე დაგვეტყო [აქციზის ზრდის მოლოდინი]. ფაქტობრივად, გაყიდვები აღარ გვაქვს. კოლეგებთანაც მაქვს მუდმივი კომუნიკაცია და ყველა კონკურენტ კომპანიაში იგივე მდგომარეობაა. ასევე ვაკვირდები აუქციონებს, სადაც ქართული დროშა აქტიურად ფრიალებდა 20 წლის განმავლობაში და გაყიდვების სტატისტიკის მიხედვით, მონაწილეთა შორის მესამე ადგილზე ვიყავით... გუშინდელ აუქციონზე ჩემმა კომპანიამ მთელი მასშტაბით [ყველა აუქციონზე] სულ სამი მანქანა შეიძინა. მეგონა, რომ მხოლოდ ჩემი კომპანიის პრობლემა იყო, მაგრამ ჩამოვურეკე კოლეგებს, კონკურენტებს და ყველგან იგივე მდგომარეობაა.

- ანუ აქციზის ზრდის მოლოდინის გამო, შეკვეთები შეგიმცირდათ?

- დიახ, დაბნეულობაა. იცით, ბიზნესისთვის ყველაზე ცუდი გაურკვევლობაა. კონკრეტულად უნდა ვიცოდეთ [რა იქნება], იმიტომ რომ პროცესი ძალიან გაიწელა. უნდა გვითხრან, რომ ან ასეა და მორჩა, რომ რამე მოვიფიქროთ, ხალხი გავუშვათ სამსახურიდან თუ გადავნაწილდეთ. ვიდრე ასე ვიყოთ და გაურკვევლობაში ვისხდეთ. ბიზნესი გაურკვევლობაში ვერ ვითარდება.

- სავარაუდოდ, მომავალ კვირაში საგადასახადო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დაამტკიცებენ, რის შედეგადაც აქციზი გაიზრდება როგორც 6 წელზე ძველ, ისე 6 წლამდე ასაკის ავტომობილებზე. რა გამოწვევების წინაშე დაგაყენებთ ახალი რეგულაცია? თქვენი კომპანიის მაგალითზე როგორ წარმოგიდგენიათ სამომავლო საქმიანობა? ვთქვათ, საშუალოდ რამდენ მანქანას ყიდულობდით თვეში აუქციონზე და რამდენად შემცირდება ეს მაჩვენებელი?

შეიძლება, ცუდადაც ჟღერდეს ახლა ეს ნათქვამი, მაგრამ ბიზნესს მოუწევს შეგუება და მორგება, ხომ?! თუმცა ეს შეგუება და მორგება რეალურად იქნება თვითგადარჩენისთვის, ბაზარზე დასარჩენად... იმ რაოდენობის მანქანას, რასაც აქამდე ვყიდდით, ფიზიკურად ვეღარ გავყიდით, იმიტომ რომ მოსახლეობას ფული არ აქვს. ყველას უნდა ახალი ავტომობილი, გემოვნებაც ყველას აქვს და ყველამ იცის, რა მანქანა უნდა, მაგრამ რისი საშუალებაც აქვს, იმას ყიდულობს. აქედან გამომდინარე, გაყიდვები ძალიან დავარდება. სავარაუდოდ, თუ ადრე ყიდულობდნენ, ვთქვათ, 2017-2018 წლიან Mercedes-ს, BMW-ს, Lexus-ს ან Porsche-ს, ამ ავტომობილებს ვეღარ წამოიყვანენ, რადგან 6 წელზე ახალი პრემიუმ კლასის მოდელები ბევრად ძვირი ღირს. მოგვიწევს დაბალ სეგმენტზე გადასვლა და უფრო მეტი Buick-ი, Ford-ი, Chevrolet-ი და მსგავსი კლასის ავტომობილები წამოვა. რეალურად კი, ეკოლოგიური კუთხით რომ მივუდგეთ, სხვაობა არ არის - შეიძლება 2017 წლის Porsche ეკოლოგიურად უფრო დახვეწილი იყოს, ვიდრე 2020 წლის Ford-ი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები