ბოლო 70 წლის მანძილზე ყველაზე მწვავე გვალვის გამო, პანამის არხში გემების გატარება და, შესაბამისად, საზღვაო გადაზიდვები მკვეთრად მცირდება. არხის მმართველი უწყების ცნობით, “ელ ნინოს” ფენომენმა არხში წყლის დონე რეკორდულ მინიმუმამდე დაიყვანა - ამის შესახებ BBC იტყობინება.
აღნიშნული შეფერხების გამო საზღვაო ტრანსპორტირების ფასი, სავარაუდოდ, მსოფლიოს მასშტაბით გაიზრდება. პანამის არხი ატლანტისა და წყნარ ოკეანეებს შორის გემების გადაადგილების დროსა და მანძილს მნიშვნელოვნად ამცირებს. არხი წელიწადში 365 დღე, 24 საათი ოპერირებს და ყოველწლიურად 14000-მდე გემს ატარებს. “ელ ნინოს” მოვლენა, რომელიც ოკეანეების ტემპერატურის ჩვეულებრივზე მეტად ზრდაში გამოიხატება, პანამის არხში წყლის დონის კლების მთავარი მიზეზია.
3 ნოემბრიდან პანამის არხის მმართველი კომპანია დღის განმავლობაში 31-ის ნაცვლად, მაქსიმუმ 25 გემს გაატარებს, რაც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო შემცირდება და 2024 წლის თებერვლისთვის 18-მდე ჩამოვა. აღსანიშნავია, რომ პანამის არხში გატარებული გემების რაოდენობაზე შეზღუდვა პირველად მიმდინარე წლის დასაწყისში დაწესდა, რამაც უკვე გამოიწვია ტვირთის გადაზიდვაზე შეფერხებები, დაგვიანებული ტრანსპორტირება და არხთან ათობით გემის მოგროვება.