ენერგეტიკის სექტორი ₾1 მილიარდი ჯარიმის ჩამოწერის პირობების მოლოდინშია. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ განაცხადა. „ყოველდღიურად მინიმუმ სამი-ოთხი ზარი მაინც შემოდის ჩემს ტელეფონზე, სადაც მთხოვენ კომუნიკაციას ეკონომიკის სამინისტროსთან“, - აცხადებს მაია მელიქიძე. როგორც ირკვევა, ენერგეტიკის დარგის ინვესტორებმა ამ დრომდე არ იციან კრიტერიუმები, ვის და როგორ ჩამოეწერება ჯარიმები.
შეგახსენებთ, ენერგეტიკის სექტორში კომპანიებისთვის ₾1 მილიარდის ჯარიმების, გარკვეული დათქმით, პატიების შესახებ 2025 წლის 10 დეკემბერს თავად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. დათქმა კი ასეთი იყო: „იმისთვის, რომ კომპანიებს არ გაუჩნდეთ საქმიანობის უპასუხისმგებლოდ გაგრძელების ცდუნება და არ დააგროვონ ახალი ჯარიმები, არამედ სერიოზულად მოეკიდონ სექტორის გადატვირთვის სახელმწიფო ინიციატივას, მათ განახლებული ვადების დარღვევის შემთხვევაში სრულად დაეკისრებათ ახლად დაგროვილი პირგასამტეხლოს და ჯარიმის გადახდის ვალდებულება, ამასთან, აღუდგებათ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილებით ნაპატიები ჯარიმებიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ მთავრობის ინიციატივას ენერგეტიკის სექტორში დადებითი შეფასებები მოჰყვება.
- [₾1-მილიარდიანი ჯარიმის ჩამოწერის] შესახებ განცხადება, დაახლოებით, ორი თვის წინ გაკეთდა და ჩათვალეთ, ახლა ყოველდღიურად მინიმუმ სამი-ოთხი ზარი მაინც შემოდის ჩემს ტელეფონზე, სადაც მთხოვენ კომუნიკაციას სამინისტროსთან - [ინვესტორებს] აინტერესებთ თუ რა ხდება უშუალოდ კონკრეტული ინვესტორის თავს მემორანდუმების ჭრილში. გვაქვს ძალიან დიდი თხოვნა ეკონომიკის სამინისტროს მიმართ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ პასუხი კითხვაზე, თუ რომელ პროექტებზეა კონკრეტულად საუბარი, რომელ კომპანიებს ეხება [ჯარიმების ჩამოწერა] და ალოკაციის თვალსაზრისით, კონკრეტულ კომპანიაზე რა თანხებია გათვლილი.
- ანუ ჯერჯერობით, კრიტერიუმები - რა ტიპის ინვესტორებს/პროექტებს და როგორ ჩამოეწერებათ 1 მლრდ ლარი ენერგეტიკის სექტორმა არ იცის?
- ამ ეტაპისთვის ეს ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა დადასტურებით ვიცით, რომ არსებობს კონკრეტული ინვესტორები და კონკრეტული პროექტები. ჩვენ რაც ვიცით სამინისტროსგან, არის ის, რომ აუცილებლად შედგება შეხვედრა კერძო სექტორსა და სამინისტროს შორის, სადაც ეს ინფორმაცია კონკრეტულად გაცხადდება, თუმცა როგორც მოგეხსენებათ, სექტორს ყოველთვის ეჩქარება და ეს არის საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნა.
- მით უმეტეს, როცა იცვლებიან მინისტრები, მაგრამ ენერგეტიკის სექტორში პრობლემები არ იცვლება და მხოლოდ დაპირებები გროვდება...
- კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, [დეტალური ინფორმაციის მიღება] კერძო სექტორის ლეგიტიმური მოთხოვნა, რადგან დრო ფულია. ინვესტორებს, რა თქმა უნდა, აქვთ სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ინვესტიცია. თქვენთვის რამდენადაც გასაკვირად არ უნდა ჟღერდეს, ქვეყანაში ფულის პრობლემა არ არის ანუ ინვესტიციის და თანხის პრობლემა არ დგას - [პრობლემა დგას] ბიუროკრატიის ნაწილში. ინვესტორებს აქვთ სურვილი, რაც შეიძლება სწრაფად შევიდნენ სექტორში და რაც შეიძლება სწრაფად ააშენონ გენერაციის ახალი ობიექტები.




























