"ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე იმედოვნებს, რომ გაზის და დენის ტარიფების შენარჩუნება მოხერხდება. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ტარიფების დაანონსებულ ზრდაზე კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
კობახიძის თქმით, სემეკის სხდომამდე საკითხზე კონსულტაციები იგეგმება.
"ორშაბათს შედგება როგორც ვიცი სემეკის სხდომა, მანამდე ჩვენ გვექნება კონსულტაციები. ზოგადად, ტარიფებს გაზზე და დენზე განაპირობებს მათ შორის გლობალური ფასებიც. ჩვენ უნდა ჩავხედოთ ყველაფერს და ამისდა მიხედვით ორშაბათს უკვე სემეკი მიიღებს გადაწყვეტილებას. ხვალ გვექნება შეხვედრა ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ მოვახერხებთ ტარიფების შენარჩუნებას. დანარჩენს უკვე გადაწყვეტს კონსულტაციები",- ამბობს ირაკლი კობახიძე.
2026 წლიდან საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზრდება. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ტარიფის ზრდის ზუსტი მასშტაბი 29 დეკემბრის სხდომაზე გახდება ცნობილი. შესაძლოა ფასი მინიმალურად დაკორექტირდეს გაზის ტარიფთან მიმართებითაც. რაც შეეხება წყალს, მომდევნო წლიდან წყლის საფასურის გაზრდა არ იგეგმება.




























