საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ბენ ჭოუ შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო გარემოზე და ფინანსური ტექნოლოგიების მიმართულებით ქვეყანაში არსებულ შესაძლებლობებზე.
უწყების განცხადებით, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მისასალმებელია წამყვანი საერთაშორისო ფინტექ კომპანიების ინტერესი საქართველოს მიმართ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას და ფინანსური ინოვაციებისა და ციფრული აქტივების მომსახურების მიმართულებით არსებულ პოტენციალს. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს ეკონომიკის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. აღინიშნა, რომ 2021-2025 წლებში ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.3% შეადგინა.
კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს ქვეყანაში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ასევე ფინანსური სერვისების შემდგომ განვითარებას და ამ მიმართულებით Bybit-თან აქტიური თანამშრომლობისთვის მზად არის.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი და Bybit Georgia-ს თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი შოთა ლომთაძე.
Bybit საქართველოში ოპერირებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გაცემული ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერის (VASP) და საგადახდო სერვისის პროვაიდერის (PSP) ლიცენზიების საფუძველზე. ღონისძიებაზე მოხდა Bybit Card-ის წარდგენა, რომელიც Mastercard-თან და Pave Bank-თან პარტნიორობით შეიქმნა.




























