მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოც და ევროკავშირიც ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებენ - დარჩიაშვილი

641d989d51378
ინგა მურუსიძე
24.03.23 16:27
574
“გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, საქართველოსათვის ამ მეტად მნიშვნელოვან პერიოდში, გერმანიის მხრიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერას ადასტურებს”, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა,ილია დარჩიაშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობები მტკიცე, მრავალსაუკუნოვან ფუნდამენტსა და საერთო ევროპულ ღირებულებებს ეფუძნება. მინისტრის თქმით,შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები და ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით,ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების ისტორიულ მნიშვნელობას, რამაც გაამყარა საქართველოს უპირობო კუთვნილება ევროპისადმი და ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისაკენ.

“ვაფასებთ, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებსა და ევროპულ არჩევანს, რაც ეფუძნება საერთო ღირებულებებს და ქართველი ხალხის ურყევ ნებას გამოხატავს”, - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, მისი თქმით, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო. ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ევროკომისიის 12 პრიორიტეტის განხორციელების მიმდინარეობაზე და ამ მხრივ მიღწეულ პროგრესზე.

“გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს პროგრესი სამართლიანად და დამსახურების მიხედვით იქნება შეფასებული და საქართველოც და ევროკავშირიც კიდევ ერთ ისტორიულ გადაწყვეტილებას იზეიმებს”,-განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მინისტრის განცხადებით, ევროკავშირთან გაგრძელდება ფართო პოლიტიკური, ეკონომიკური და სექტორული ინტეგრაციის პროცესი ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების გზით და მაქსიმალურად იქნება ათვისებული ასოცირების შეთანხმების პოტენციალი, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ჩათვლით.

ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა დაკავშირებადობის მნიშვნელობაზეც და საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სტრატეგიული რგოლის ფუნქციაზე.ხაზი გაესვა ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების აუცილებლობას და საქართველოს როლს ამ პროცესში. ამ კონტექსტში, აღინიშნა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის მნიშვნელობა და გამოითქვა იმედი, რომ გერმანია უფრო აქტიურად ჩაერთვება ამ სფეროში.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა რეგიონში და ევროკავშირის კრიზისის მართვის მისიებში ჩართულობის გზით აგრძელებს საერთო ძალისხმევაში მონაწილეობას.

შეხვედრაზე მინისტრმა მადლობა გადაუხადა გერმანელ კოლეგას საქართველოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისა და ნატო–საქართველოს არსებით პაკეტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

“აღნიშნული პრაქტიკული მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს საბოლოოდ მიგვიყვანს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ისტორიული გადაწყვეტილების სრულ იმპლემენტაციამდე.“ - განაცახდა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

საქართველოსა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა შეხვედრაზე ასევე განიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია და რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო.

ასევე, ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით.

განსაკუთრებით აღინიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში გერმანიის მნიშვნელოვანი წვლილი, რომელიც მისიის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია.

აღინიშნა რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა და ხაზი გაესვა ამ მხრივ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტური ფუნქციონირების მნიშვნელობას.

მინისტრმა გერმანიის ხელისუფლებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისა და არაღიარების პოლიტიკის მიმართულებით შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა.

მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების შემდგომ განმტკიცებასა და ამ მიზნით თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატის გამოყენების გზებზე.

“დარწმუნებული ვარ, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის ისევე, როგორც ხალხთაშორისი კავშირების შემდგომი განმტკიცების საწინდარი იქნება მასპინძელი ქვეყნის სტატუსით საქართველოს უაღრესად წარმატებული მონაწილეობა უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაში - ITB ბერლინი 2023. ეს იყო გერმანიაში ჩვენი კულტურისა და ტრადიციების და მიმზიდველი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის კიდევ ერთი უნიკალური შესაძლებლობა და ჩვენი ქვეყნის ევროპული ცივილიზაციისადმი კუთვნილების მკაფიო დადასტურება.” - განაცხადა მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელძღვანელის ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები