ამერიკელი სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ აშშ შეშფოთებულია საპარლამენტო არჩევნების საკითხით და რომ აშშ-ს სურს იხილოს საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები, რომელიც მოქალაქეთა ნებას გამოხატავს. სენატორის განცხადებით, გუშინ პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, ასევე ადგილობრივი დამკვირვებლებისთვის თავისუფლად მუშაობის საკითხს.
კიდევ ერთი საკითხი რაზეც ჯინ შაჰინმა გაამახვილა ყურადღება, საქართველოს მთავრობის ანტიამერკული და ანტიდასავლური რიტორიკაა, რომელიც გამოიხატებოდა იმ განცხადებებში, რომ თითქოს აშშ-ს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სურდა. ჯინ შაჰინის თქმით, მსგავსი რიტორიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში პაუზას იწვევს.
"გვაშფოთებს მომდევნო არჩევნები, გვსურს რომ ვიხილოთ თავისუფალი არჩევნები და ეს საკითხი წამოვწიეთ პრემიერ-მინისტრთან. მნიშვნელოვანია რომ საერთაშორისო დამკვირვებლები ჩამოვიდნენ ქვეყანაში, ისევე როგორც ადგილობრივ დამკვირვებლებს მიეცეთ მუშაობის საშუალება, რაც უზრუნველყოფს რომ სათანადოდ ჩატარდეს არჩევნები.
ჩვენ ვისაუბრეთ იმ საკითხზე, რომელიც წამოწეულია პრემიერ-მინისტრისა და სხვა სამთავრობო ოფიციალური პირების მიერ, რომ აშშ-ს სურდა საქართველოში გადატრიალების მოწყობა, რაც აბსოლუტურად მცდარია. ამერიკის შეერთებული შტატები არ არის დაინტერესებული ამაში და სამწუხაროა, რომ განცხადებების ეს ხაზი იწვევს პაუზას ჩვენს ურთიერთობებში", - განაცხადა სენატორმა.