მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"გვჭირდება მეტი საექსპორტო პროდუქტი და არა უფრო მეტი ბაზარი" - გიორგი ღაღანიძე

გიორგი ღაღანიძე

საქსტატის საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2025 წლის 8 თვეში საქართველოდან მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 45.3%-ია. აღსანიშნია, რომ მთლიან ექსპორტში ადგილობრივი წარმოების ექსპორტის წილი 4 წელია მცირდება და, თუ 2022 წელს 70.2%-ს შეადგენდა, 2023-ში 48.8% იყო, 2024 წელს კი - 46.8%. ამავდროულად, მთლიან ექსპორტში წამყვან პოზიციას, 39%-იანი წილით, მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი იკავებს. თავად ავტოექსპორტი წელს 17%-ით გაიზარდა.

BMG დაინტერესდა, რამდენად მდგრადია საქართველოს ეკონომიკისთვის ექსპორტის ზრდა ავტომობილების რეექსპორტის ხარჯზე და ამ კითხვით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, გიორგი ღაღანიძეს მიმართა. როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, მხოლოდ რეექსპორტის ხარჯზე საქართველო სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს ვერ გაიუმჯობესებს და ამისთვის უფრო ფუნდამენტური პრობლემა უნდა გადაიჭრას.

"ავტოექსპორტთან და რეექსპორტთან დაკავშირებით, მანამდეც, რუსეთ-უკრაინის ომამდეც ხდებოდა იგივე, 2009-10 წლებში, როდესაც ავტომობილების საქართველოში შემოტანა და შემდეგ აქედან გატანა უფრო მარტივი იყო, ვიდრე, პირდაპირ რუსეთში რომ შეეტანათ. ამის შემდეგ რუსეთმა გაამკაცრა მოთხოვნები და საბაჟო კავშირში თავიანთ წევრებს მოსთხოვა, ამაზე უარი ეთქვათ. [რუსეთ-უკრაინის ომმა] ისევ გაზარდა მოთხოვნა.

საერთოდ, შეიძლება, რეექსპორტზე ორიენტირება რაღაც დროის განმავლობაში გარკვეულ პრობლემებს წყვეტდეს, მაგრამ ფუნდამენტურ პრობლემებს ეს ვერ გადაწყვეტს და მხოლოდ რეექსპორტის ხარჯზე ჩვენ საგარეო სავაჭრო ბრუნვის მონაცემებს ვერ გავაუმჯობესებთ. ცოტა ხნის წინ მე თვითონ მაქვს ჩატარებული ამაზე კვლევა და ამ კვლევამ ცალსახად აჩვენა, რომ, თუ ეს ყველაფერი ასევე გაგრძელდება, ექსპორტი იმპორტს არ გადაასწრებს. ფუნდამენტური პრობლემა, რაც გააჩნია ჩვენ ექსპორტს, არის ის, რომ ჩვენ გვაქვს მცირე რაოდენობით საექსპორტო პროდუქცია. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური პრობლემა", - განაცხადა ეკონომისტმა.

გიორგი ღაღანიძე მიიჩნევს, რომ ადგილობრივი ექსპორტის გასაზრდელად საჭირო საექსპორტო პროდუქტების დივერსიფიცირებაა. დამაზუსტებელ კითხვაზე, რამდენად შეუწყობდა ხელს ადგილობრივი ექსპორტის ზრდას ქვეყნის ევროინტეგრაცია, ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანმა აღნიშნა, რომ ახალი ბაზრების დამატება აღნიშნულ პრობლემას ვერ გადაჭრის.

"ჩვენ რომ ავიღოთ და ვნახოთ ჰარმონიზებული სისტემის ოთხნიშნა სასაქონლო კოდების დონეზე, რამდენია საქართველოს საექსპორტო პროდუქტი, ეს არის დაახლოებით 1800. თუ ჩვენ ავიღებთ იგივე მაჩვენებელს, მაგალითად, ბულგარეთისთვის, იქ არის 4000. აქედან გამომდინარე, ჩვენ რაც გვაქვს, იმ პროდუქციას ვყიდით და ვყიდით საკმაოდ კარგად. თუმცა გვაქვს ცოტა საექსპორტო პროდუქტი, აი, ეს არის პრობლემა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საექსპორტო პროდუქტების რაოდენობა იზრდება, ეს დაბალი ტემპით ხდება და ეს არის მოსაგვარებელი. საჭიროა თანამედროვე ინდუსტრიული პოლიტიკა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გავზარდოთ საექსპორტო პროდუქტების რაოდენობა. საექსპორტო პროდუქტების რაოდენობის ზრდა წარმოადგენს ფუნდამენტური პრობლემის მოგვარების ძირითად გზას.

[ევროინტეგრაცია და] გარე ფაქტორები, რომლებიც ორიენტირებულია იმაზე, რომ უფრო მეტი საექსპორტო ბაზარი გვქონდეს, პრობლემას არ ჭრის. გვჭირდება უფრო მეტი საექსპორტო პროდუქტი და არა - უფრო მეტი ბაზარი. ეს კვლევებითაა დადასტურებული", - აღნიშნა გიორგი ღაღანიძემ.

ცნობისთვის, საქსტატის ექსპრეს მონაცემების თანახმად 8 თვეში საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი წლიურად 3.1%-ით 2 მილიარდ 014 მილიონ დოლარამდეა გაზრდილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები