მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

$2.85 მლრდ-ის ადგილობრივი ექსპორტი 7 თვეში - სად/რა გავყიდეთ?

ციფრული ექსპორტი

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან ადგილობრივმა ექსპორტმა, ანუ რეექსპორტის გარეშე ექსპორტმა, 2.85 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 64.1%-ით მეტია. ადგილობრივი ექსპორტის წილმა მთლიანი ექსპორტის 61.1% შეადგინა.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, ზრდაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი წვლილი რამდენიმე მსხვილმა საექსპორტო სასაქონლო ჯგუფმა შეიტანა.

TOP-10 სასაქონლო ჯგუფი რეექსპორტში

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $543.2 მლნ, ზრდა 4,000.1%;
  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - $356.3 მლნ, ზრდა 75.6%;
  • ფეროშენადნობები - $187.1 მლნ, ზრდა 74.3%;
  • სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $150.6 მლნ, ზრდა 310.8%;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - $140.6 მლნ, კლება 2.9%;
  • მინერალური და გაზიანი წყლები, შაქრის შემცველობით - $119.7 მლნ, ზრდა 22.3%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $115.8 მლნ, ზრდა 15.5%;
  • სპირტიანი სასმელები - $104.2 მლნ, კლება 14.8%;
  • აზოტოვანი სასუქები - $100.4 მლნ, ზრდა 24.8%;
  • დაუმუშავებელი, ნახევრადდამუშავებული ან ფხვნილის სახით ოქრო - $90.2 მლნ, ზრდა 31.7%.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ ექსპორტში ყველაზე დიდი ზრდა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების მიმართულებით დაფიქსირდა. 2025 წლის იანვარ-ივლისში ამ პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ $13.2 მლნ იყო, 2026 წლის იმავე პერიოდში კი $543.2 მლნ-მდე გაიზარდა.

2026 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს ადგილობრივი ექსპორტის ყველაზე დიდი ბაზარი ჩინეთი იყო $480.2 მლნ, რაც წლიურად 184.5%-იან ზრდას ნიშნავს.

მეორე ადგილზე რუსეთია - $409.7 მლნ, ზრდა 6.2%, ხოლო მესამე ადგილზე თურქეთი - $279.4 მლნ, ზრდა 59.5%.

10 საექსპორტო მიმართულებაში ასევე შედის:

  1. ტოგო - $136.7 მლნ;
  2. სომხეთი - $127.3 მლნ, ზრდა 26.8%;
  3. ბულგარეთი - $123.1 მლნ, ზრდა 14.3%;
  4. აზერბაიჯანი - $99.1 მლნ, ზრდა 12.6%;
  5. შვეიცარია - $84.4 მლნ, ზრდა 31.2%;
  6. აშშ - $78.0 მლნ, ზრდა 79.2%;
  7. უკრაინა - $72.5 მლნ, ზრდა 46.4%.

ამასთან, ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილი საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 66.2% იყო.

ცალკე აღსანიშნავია, რომ მთლიანად საქართველოდან საქონლის ექსპორტმა 2026 წლის იანვარ-ივლისში $4.67 მლრდ შეადგინა, რაც წლიურად 21.6%-იანი ზრდაა.

საქსტატის განმარტებით, ადგილობრივი ექსპორტი მოიცავს როგორც საქართველოში წარმოებულ, ისე საზღვარგარეთიდან იმპორტირებულ საქონელს, რომელმაც საქართველოში არსებითი სახეცვლილება განიცადა ან ქვეყნის ფარგლებში გადამუშავების შედეგად მისი ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები