საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოში გამოსვლისას აქცენტს ევროინტეგრაციის გზაზე საბჭოთა მანკიერ პრაქტიკაზე უარის თქმაზე აკეთებს და 3 მთავარ ფაქტორს გამოყოფს. ის თვლის, რომ ყველაფერი ჩვენ ხელშია, რამეთუ ევროკავშირის გაწერილი რეკომენდაციები ქართული საზოგადოების მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისია.
„2024 წლის ამოცანა ნათელია! ჩვენი მომავალი ჩვენ ხელშია, რაც ჩვენგან უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს, რამეთუ მართლაც უნიკალური შანსი გვეძლევა, არამხოლოდ ფორმალურად შევუერთდეთ ევროპულ სივრცეს, არამედ ჩვენში დავამკვიდროთ ევროპელობა, პოსტსაბჭოთა ქვეყანა გარდავქმნათ ცოცხალ, წარმატებულ, ძლიერ, ევროპულ და დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მხოლოდ ასეთი გარდაქმნა შეძლებს ქვეყანაში ახალგაზრდების გაჩერებას, დიასპორის დაბრუნებას და ახალი ენერგიის გაჩენას, ანუ ჩვენ, ჩვენივე ძალებით - და არა სხვაზე დამოკიდებულებით - შევქმნით ჩვენსავე დოვლათს. დღეს დროა წარსული წარსულად ვაქციოთ და ახალ საქართველოს გავუხსნათ გზა. ეს არის ჩვენი ევროპული გზა და მაშასადამე, ეროვნული გზა!
რასაც ევროპა გვეუბნება და რა რეკომენდაციებსაც გვაძლევს, არაფრით განსხვავდება იმისგან, რაც ქვეყნის გაძლიერებისათვის და იმისათვის გვჭირდება, რასაც საზოგადოება უკვე წლებია ელოდება და ითხოვს: სამართლიანობა, თანასწორობა, დაცულობა. ამის მისაღწევად, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დავემშვიდობოთ მანკიერი საბჭოთა წარსულის ყველაზე მახინჯ წარმონაქმნებს.
ეს ნიშნავს ძალაუფლების მოდელის გარდაქმნას და ევროპული მმართველობის მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს: თავისუფალ კონკურენციას, აზრთა მრავალფეროვნებას, კომპრომისებსა და ძალაუფლების გადანაწილებას, ხშირად კოალიციურ მთავრობას და ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკურ ძალებს შორის, სულ მცირე, დიალოგს და ქვეყნის ინტერესების ირგვლივ საერთო ენის გამონახვა.
ეს ნიშნავს კორუფციასთან ბრძოლას, რათა წარმოიშვას ახალი ევროპული სტილის საბაზრო და სოციალური ეკონომიკა, სადაც დოვლათი ყველაზე უნდა ნაწილდებოდეს, სადაც გამოცხადებული ბიუჯეტის ზრდა უნდა ისახებოდეს მოსახლეობის უმრავლესობის კეთილდღეობაზე, სადაც ადამიანი საკუთარ კერძო ინიციატივების დაუბრკოლებლად უნდა ახორციელებდეს, სადაც ტენდერები თავისუფლად და გამჭვირვალედ უნდა ტარდებოდეს. წარმატების მიღწევა შესაძლებელი უნდა გახდეს ცოდნით, ნიჭით და საქმით და არა ძალაუფლების წრეში ვიღაცის ნაცნობობით და მფარველობით.
ევროპული მოდელი მოითხოვს სამართლიან სასამართლოს. ეკონომიკის გათავისუფლება, ადამიანის უფლებების დაცულობა, თუ პოლიტიკური ძალებისთვის თანასწორი პირობების შექმნა - ყველაფერი სამართლიან, ანუ მიუკერძოებელ სასამართლოზე გადის. სასამართლოზე, რომელიც იცავს კანონის უზენაესობას და ახორციელებს მას, სასამართლოზე, რომელიც იცავს სუსტს ძლიერისგან, დაუცველს პრივილეგირებულისგან, მართალს ძალადობრივი წნეხისგან.
ნათელია, რომ ამ პრიორიტეტების შესრულებას ერთპიროვნულად ვერავინ შეძლებს, რამეთუ ის, რაც გასაკეთებელია ყველას პასუხისმგებლობაა ქვეყნისა და მომავლის წინაშე. თუმცა ამავე დროს ცხადია, რომ მთავარი მოვალეობა და პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვის ხელშიც ძალაუფლების ყველა ბერკეტია, ესე იგი, მთავრობას, საპარლამენტო უმრავლესობასა და ახლა უკვე, მათ მმართველს, ბიძინა ივანიშვილს. მათ, კოლექტიურად და პიროვნულად ევალებათ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის მყისიერად განხორციელება“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.