მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გვექნება დისკუსია უწყებასთან" - BAG კომპანიების უცხოელი მენეჯერების რეგისტრაციის წესების გადახედვას ითხოვს

ლევან ვეფხვაძე

ბიზნესს ახალი რეგულაციებთან ადაპტაციისთვის დრო და მოქნილობა სჭირდება - ამის შესახებ BMG-სთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს.

საუბარია შრომის ბაზრის ახალ რეგულაციებზე, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისა და მათი რეგისტრაციის წესებს ცვლის.

ლევან ვეფხვაძის თქმით, მიუხედავად გარკვეული საშეღავათო პერიოდისა, წლის ბოლოს კომპანიებს მნიშვნელოვანი ვალდებულებები წარმოეშობათ, რაც დამატებით ადმინისტრაციულ რესურსს და მკაფიო საკანონმდებლო განმარტებებს მოითხოვს.

მისი შეფასებით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას ის საკანონმდებლო ბუნდოვანება წარმოადგენს, რომელიც მაღალი რანგის მენეჯერებსა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ეხება. ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ სტანდარტული შრომითი რეგულაციები ყველა ტიპის კონტრაქტზე არ უნდა ვრცელდებოდეს.

„არსებობს გარკვეული ორაზროვნება, რომელსაც კომპანიები აწყდებიან, მათ შორის კომპანიების დირექტორებთან მიმართებით. მათ, კლასიკური შრომითი სახელშეკრულებო ურთიერთობებისგან განსხვავებით, უფრო სპეციფიკური, სამსახურებრივი კონტრაქტები აქვთ. ასევე არიან სამეთვალყურეო საბჭოს წევრები. ამაზე გვექნება დისკუსია უწყებასთან, რომ გარკვეული კატეგორიის დასაქმებულებს ეს კანონმდებლობა არ შეეხოს“, - ამბობს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

მისი განმარტებით, საუბარია ე.წ. „პირველი კატეგორიის“ მსხვილ საწარმოებზე, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებენ და მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი კადრების მოზიდვა ესაჭიროებათ.

“ეს არის იმდენად მაღალი კვალიფიკაციის მოთხოვნები, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ოპერირებაში მყოფ კომპანიებს სჭირდებათ საერთაშორისო დონეზე აღიარებული თავისუფალი დირექტორების მოწვევა სამეთვალყურეო საბჭოებში. მათი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს ვალდებულება შეიძლება ამ ადამიანებისთვის გვერდზე დავტოვოთ, რათა მსხვილ საწარმოებს არ მოვუკლათ უცხოელი პროფესიონალების მოწვევის შესაძლებლობა. მათი ზომა და საქმიანობა დღესდღეობით სწორედ ამ მოთხოვნებს აყენებს,“ - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბიზნესს აწუხებს, მოკლევადიანი საექსპერტო მომსახურებაა. ვეფხვაძის თქმით, მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ფიზიკური პირის დაქირავება და კომპანიებს შორის არსებული კონტრაქტები.

„ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვართ კომუნიკაციაში, მათ შორის საექსპერტო ნაწილშიც. როდესაც აუთსორსინგზე ექსპერტიზა ტარდება, ცალსახად შეთანხმებული ვართ: თუ დაქირავებული არის კომპანია და არა ფიზიკური პირი, მისი თანამშრომლის ჩამოსვლისთვის რეგისტრაციის ვალდებულება არ უნდა არსებობდეს. რამდენიმე ასეთი საკითხია, რაზეც კონკრეტულ პასუხებს ველოდებით. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კომპანიებისთვის ეს გარდამავალი პერიოდი იყოს მაქსიმალურად გამარტივებული”.

საქართველოს შრომის ბაზარი ახალი რეგულაციების მოლოდინშია, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმებისა და მათი რეგისტრაციის წესებს ცვლის. მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს „შრომითი საქმიანობის უფლება“ ესაჭიროება. ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა. თუმცა, მთავრობამ კვოტირების მექანიზმი გამოიყენა და რამდენიმე პოპულარულ საქმიანობაზე ნულოვანი კვოტა დააწესა. მათ შორისაა, საკურიერო მომსახურება, ტაქსით მგზავრთა გადაყვანა და ტურისტული გიდის მომსახურება. მათთვის, ვინც უკვე მუშაობს საქართველოში, დაწესდა გარდამავალი პერიოდი:

  • თვითდასაქმებულები (კურიერები/მძღოლები): აღსრულების მექანიზმი მათზე 2026 წლის 1 მაისიდან გავრცელდება.
  • რეგისტრირებული იმიგრანტები: მათ, ვინც უკვე ბაზაშია, სტატუსის მოსაწესრიგებლად ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე მიეცათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები