მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გვინდა, აქაურობა პურის გზად ვაქციოთ - „სათიბეს“ დამფუძნებლის გეგმები

640f30762da2b
თინათინ ნატმელაძე
15.03.23 09:00
2597
„სათიბე“ - ასე ჰქვია დასახლებას, რომელიც სოფელ ორბეთში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა და ახლა 240 ოჯახს აერთიანებს.

მისი დამფუძნებელი ირაკლი გაფრინდაშვილია, რომელიც BM.GE-სთან საუბრისას ყვება, რომ იდეა წლების განმავლობაში არსებობდა, თუმცა პანდემიის პერიოდში, ყველაფრისგან შესვენებამ და გარემო-პირობების ცვლილებამ, საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მიწასთან სიახლოვე, ქალაქისგან შორს ყოფნა და ერთგვარი ჰარმონიის შექმნა ძალიან ღირებული რამ იყო.

„სათიბე“ სტანდარტული დასახლება არ არის - აქ სხვადასხვა თემტიკის „ზეიმები“, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები ტარდება, „სათიბე“ არის ღია სივრცე - აქ მოხვედრა ყველას შეუძლია.

„სათიბის კონცეფეცია თავისი გეგმის მიხედვით ვითარდება, გზადაგზა ახალი იდეები და განვითარების მიმართულებები ემატება. ამ დროის მონაცემებით მიწა 240-მა ოჯახმა შეიძინა, დარჩენილია რამდენიმე მიწის ნაკვეთი და გაყიდვებს ამით დავამთავრებთ. საერთო ჯამში, მთავარი იდეა ისაა, რომ შეიქმნას რეკრეაციული ზონები, ტურისტულ სეგმენტზე ვიმუშაოთ, მივიღოთ სტუმრები, ჩვენს სახლებში ვუმასპინძლოთ, კვებაც შევთავაზოთ და გართობაც. ძალიან მალე „საპურის“ კაფეს გავხსნით, ასევე ვაპირებთ ღია საცხობი მუზეუმის გახსნას, ვორქშოპების მოწყობას და საერთო ჯამში, გვინდა, რომ აქაურობა ერთგვარ პურის გზად ვაქციოთ.

„ზეიმებისთვის“ ახალ სეზონს სულ მალე დავიწყებთ, ძალიან აქტიურ ღონისძიებებს ვგეგმავთ, გასულმა წელმა გვაჩვენა, რომ დაინტერესება ძალიან დიდია - ყოველ „ზეიმზე“ 400-ზე მეტი ადამიანი გვსტუმრობდა, ამან კი უფრო ამბიციური გეგმების დასახვის შესაძლებლობა მოგვცა.

პირველი ღონისძიება უკვე დაიგეგმა - საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად ჩვენთან სამ დღიანი საეთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება, ვგეგმავთ ფილმების ფესტივალის მოწყობასაც. ორბეთში ტრანსპორტირება საკმაოდ რთულია, ამიტომ ამ სეზონზე ტრანსპორტსაც გამოვყოფთ, რომელიც ყოველ ერთ საათში ვაკის პარკიდან - „სათიბემდე“ ივლის და ჩვენს სტუმრებს მოემსახურება“, - განაცხადა ირაკლი გაფრინდაშვილმა.



პროექტის შექმნას და შემდეგ უკვე განხორციელებას თან სირთულეებიც ახლდა, „სათიბეს“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე ორბეთის გენ-გეგმის კონცეფეციაზე მუშაობენ და მთავარი სირთულე სწორედ ეს დეველოპერული პროცესებია.

„ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც „სათიბე“ ორბეთს მოუტანს, ის გენ-გეგმაა, რომელზეც ვმუშაობთ, ეს მხოლოდ ჩვენს ტერიტორიას არა, მთლიანად ორბეთს ეხება, გვინდა, რომ მაქსიმალურად ცივილურად მოხდეს და არა ისე, როგორც სხვა სოფლებში - ქაოტურად.

შარშან იანვარში სივრიცითი მოწყობის შესახებ კანონი შეიცვალა, სახელმწიფო ამის განხორციელებას ხუთი წლის ვადაში აპირებდა, ამდენ ხანს ვერ დავიცდიდით და აქ მცხოვრებლებმა მოვიძიეთ კომპანია, მუნიციპალიტეტთან მემორანდუმი გავაფორმეთ, რომ იჩუქონ გენ-გეგმის კონცეფციის დოკუმენტი, რის მიხედვითაც განვითარდება სოფელი ორბეთი.

ვფიქრობ, ყველა პროექტის განხორციელების შემდეგ „სათიბე“ მთლიანად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის ერთგვარ ტურისტულ ცენტრად იქცევა, ჩვენმა აქ გადმოსახლების სურვილმა უკვე გააჩინა ცივილიზაცია ორბეთში, ახლახანს პირველი მაღაზიაც გაიხსნა“, - განმარტავს გაფრინდაშვილი.

აღსანიშნავია, რომ „სათიბეს“ მცხოვრებლები საკომუნიკაციო არხების - გაზის, წყლის, ელექტრო ენერგიის, გზების გამართვაზეც პირადი სახსრებით მუშაობენ.

„ცალკეულ უბნებადაა დაყოფილი - სათიბე 1-დან სათიბე 6-მდე, ეს ამხანაგობები თავიანთი ტერიტორიების განვითარებას თავად უზრუნველყოფენ, ჩვენი მენეჯმენტით და ჩვენი ჩართულობით“, - გვითხრა ირაკლი გაფრინდაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები