იურიდიული კომპანიის GLCC-ის მმართველი პარტნიორის და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის ირაკლი გაფრინდაშვილის განცხადებით, გადახდისუუნარობის ახალი კანონის აღსრულებას გარკვეული ხარვეზები ახლავს თან.
როგორც გაფრინდაშვილმა BMG-ის განუცხადა, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი შემოსავლების სამსახურის მხრიდან კანონის არასწორი ინტერპრეტაციაა.
კერძოდ, მისი თქმით, ახალი კანონმდებლობის მიხედვით, რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი კომპანიის მიმართ ყველანაირი იძულებითი აღსრულების ღონისძიებები ჩერდება. თუმცა მისი ინფორმაციით, ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც შემოსავლების სამსახური კომპანიების ანგარიშებს ინკასოს ადებს, რაც რეაბილიტაციის პროცესს აჭიანურებს.
ირაკლი გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ ამ მიმართულებით კანონში უფრო მკაფიო ჩანაწერი უნდა გაკეთდეს.
„ერთ-ერთი პრობლემური საკითხი შემოსავლების სამსახურის მიდგომებია. კანონი ამბობს, რომ რეაბილიტაციის რეჟიმის მიმდინარეობისას ჩერდება ყველანაირი იძულებითი აღსრულება, მათ შორის საგადასახადო უზრუნველყოფის ღონისძიებები. როდესაც სპეციალური რეჟიმი მიმდინარეობს, შემოსავლების სამსახურს ინკასოს დადების უფლება არ აქვს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა სახელმწიფო კომპანიის აღიარებული კრედიტორი. თუმცა თუ მოვალის ანგარიშზე გარკვეული თანხა შემოვიდა, ხშირად შემოსავლების სამსახურს ეს თანხები ინკასოთი მიაქვს, რაც რეაბილიტაციის რეჟიმს ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის. ეს ეწინააღმდეგება კრედიტორების თანაბრად, კოლექტიური დაკმაყოფილების პრინციპს, რადგან ეს თანხა მმართველმა შესაბამისი გეგმის მიხედვით უნდა გაანაწილოს. ასეთ საკითხზე უფრო მკაფიო ჩანაწერია გასაკეთებელი როგორც რეაბილიტაციის შესახებ კანონში, ასევე საგადასახადო კოდექსშიც. თუმცა ამ ცვლილებებამდე აუცილებელია, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მოხდეს კომუნიკაცია და კონსენსუსის სახით შეჯერდეს ის ცვლილებები, რომელიც შეიძლება კანონში შევიდეს“, - განაცხადა ირაკლი გაფრინდაშვილმა.
შემოსავლების სამსახურის მხრიდან რეაბილიტაციის რეჟიმში მყოფი კომპანიების მიმართ ინკასოს აღსრულების მექანიზმის გამოყენების შემთხვევებზე საუბრობენ ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციაში. BRIPA-ს გამგეობის წევრის, ნანა ამისულაშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე უწყებასთან მუშაობა მიმდინარეობს.
„კანონში კარგი ნორმაა, რომ ბიუჯეტის ვალი შეიძლება გადანაწილდეს, რადგან როდესაც კომპანია კრიზისშია, მას ნამდვილად სჭირდება დახმარება. თუმცა აქ ტექნიკურად გვაქვს აღსრულების პრობლემა, ხდება ინკასოების დადება. როდესაც რეაბილიტაციის უკვე დამტკიცებულ გეგმაზე კომპანიის ანგარიშზე შემოსავლების სამსახური ინკასოს ადებს, ამ გეგმის შესრულება ფერხდება. თუმცა ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსთან და შემოსავლების სამსახურთან. მათი მხრიდანაც გამოითქვა მოსაზრებები, რა შეიძლება აკლდეს საკანონმდებლო ჩარჩოს ისეთი, რაც მათ დაამშვიდებდა და ვეღარავინ ვეღარ შეძლებდა კანონის ბოროტად გამოყენებას, ამ საშუალების ბიუჯეტის მოტყუების მექანიზმად გამოყენებას. ასოციაციის ჩართულობით ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, რომ კანონის აღსრულებას აღარ ჰქონდეს პრობლემა“, - განაცხადა ნანა ამისულაშვილმა.
ცნობისთვის, გადახდისუუნარობის კანონის ამოქმედებიდან ანუ 2021 წლის 1 აპრილიდან დღემდე ბიზნესის მხრიდან გაკოტრება-რეაბილიტაციის დაწყებაზე სასამართლოში სულ 123 განაცხადია შესული, საიდანაც 46-ზე საქმის წარმოება დაიწყო. მათ შორის, რეაბილიტაციის რეჟიმით 18 საქმე, ხოლო გაკოტრების რეჟიმით - 28. ამავე პერიოდში რეაბილიტაციის რეჟიმში გადავიდა 9 კომპანია, ხოლო 4 კომპანიის შემთხვევაში საქმე გაკოტრებით დასრულდა.