მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„1 ივლისის მდგომარეობით სულ 46 საქმე იქნა გახსნილი“ - როგორ მუშაობს პრაქტიკაში გადახდისუუნარობის კანონი?

გადახდისუუნარობა

2024 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონის მოქმედების პერიოდში 46 საქმე გაიხსნა. ბიზნესის რეაბილიტაციისა და გადახდისუუნარობის პრაქტიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარის განცხადებით, თუ ძველი კანონის პირობებში საქმეების 90% გაკოტრების რეჟიმით იხსნებოდა, ახალი კანონის პირობებში ბიზნესის რეაბილიტაციის წილი გაზრდილია.

მიუხედავად, პოზიტიური ცვლილებებისა, კანონის აღსრულებას თან ახლავს გამოწვევებიც. როგორც თინათინ შუღაროვა “საქმის კურსთან” ინტერვიუში აღნიშნავს, ჯერ კიდევ დაბალია ბიზნესის ინფორმირების დონე, გამოწვევად რჩება ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა და ასევე ალგორითმი, რის საფუძველზეც პრაქტიკოსები ინიშნებიან.

„1 ივლისის მდგომარეობით სულ 46 საქმე იქნა გახსნილი, აქედან 22 არის გაკოტრების რეჟიმი და 18 რეაბილიტაციის რეჟიმი. რეაბილიტაციის წილი კიდევ უფრო გაზრდილია, ვიდრე ძველი კანონით. ძველი კანონით 90% საქმეების გაკოტრების რეჟიმით იხსნებოდა, ეს აიხსნებოდა ერთის მხრივ იმით, რომ ნდობა არ იყო, ვადები იყო აბსოლუტურად განუსაზღვრელი და მექანიზმები არ იყო ეფექტური. ახალმა კანონმა მოგვცა ის, რომ ბიზნესს გაუჩნდა ნდობა ერთი იმის მხრივ, რომ ვადა არის ჩამკეტი, მაქსიმალური ვადა არის 9 თვე, როცა რეაბილიტაციის რეჟიმი იხსნება და ეს ერთგვარი მოტივაციაა და მეორე მხრივ ეს არის ის, რომ მოვალეს შეუძლია დარჩეს მართვაში, როდესაც მოვალე კეთილსინდისიერია. ყველა ბიზნესს შეიძლება შეექმნას ესა თუ ის ფინანსური კრიზისი/პრობლემა, მას აქვს მოტივაცია დროულად მიმართოს, განაგრძოს ყოველდღიური ბიზნეს საქმიანობა და მას დაენიშნოს რეაბილიტაციის ზედამხედველი, რომელიც დაეხმარება კომპანიის სწორედ ამ კრიზისიდან გამოყვანაში.

სამ წელს თუ შევაჯამებთ, თავის მხრივ ამ კანონმა ძალიან პოზიტიური სახე მიიღო, თუმცა რა თქმა უნდა გამოწვევები რჩება. კანონის მიღება არის ერთი ეტაპი, მერე ვლინდება პრაქტიკაში რა გამოწვევები შეიძლება გამოჩნდეს. მათ შორის არის მიმართვიანობა. მე ვთვლი, რომ ბიზნესს ინფორმირება კვლავ სჭირდება, რომ გაიზარდოს ინფორმირებულობა ამ კანონის სარგებლიანობასთან დაკავშირებით. გამოწვევად რჩება ის, რომ კრედიტორები მიმართვიანობის შემთხვევაში ერთგვარ დაბრკოლებებს აწყდებიან მიუხედავად იმისა, რომ კანონში მთელი რიგი მექანიზმებია ამომწურავად გაწერილი, თუმცა ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე, რომ კრედიტორების მიერ შეტანილი განცხადება არ იქნება წარმოებაში მიღებული, შემდგომ ხარვეზდება და საბოლოოდ დამატებითი მექანიზმების შედეგად ხდება საქმის გახსნა.

გამოწვევად რჩება ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პრაქტიკოსებისთვის. სრულად ახალი პროგრამა უნდა დაიწეროს, რომელიც შემდგომ უნდა მიუერთდეს სასამართლოს ერთიან ელექტრონულ სისტემას. საქმის წარმოების ელექტრონული სისტემა ამ წუთს არ გვაქვს და ჩვენ პრაქტიკოსები პრაქტიკაში ვნერგავთ იმ მექანიზმებს, რომ გაუთანაბრდეს ელექტრონული საქმის წარმოების არსებობის შემთხვევაში როგორ წარვმართავდით საქმეებს.

გამოწვევაა ალგორითმი, რის საფუძველზეც ინიშნებიან პრაქტიკოსები. ამ ალგორითმით ისე ხდება ხოლმე, რომ მთელ რიგ პრაქტიკოსებს უფრო მეტი საქმე დაგვეწერა ამ სამი წლის განმავლობაში. ჩვენ ვთანამშრომლობთ აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან, ვცდილობთ გამოსწორდეს როგორც ალგორითმი, ისე შევქმნათ ელექტრონული საქმის წარმოების სისტემა“,- განაცხადა შუღაროვამ „საქმის კურსში“ სტუმრობისას.

„რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ ახალი კანონი 2021 წლის 1 აპრილიდან ამოქმედდა. ახალი კანონმდებლობის ერთ-ერთი მთავარი სიახლე ისაა, რომ ის მეტადაა ორიენტირებული რეაბილიტაციის გზით საწარმოს არსებობის შენარჩუნებაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები