GLCC Law Firm-ში აცხადებენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში განვითარებული პროცესების ფონზე, უცხოელმა ინვესტორებმა რამდენიმე მსხვილი საინვესტიციო პროექტი შეაჩერეს.
როგორც კომპანიის პარტნიორმა, შალვა ცხაკაიამ BMG-ის განუცხადა, საუბარია ასეულობით მილიონის პროექტებზე უძრავი ქონებისა და ტურიზმის დარგში, რომლებიც განვითარებული მოვლენების, მათ შორის ევროინტეგრაციის შეჩერების გამო ინვესტორებმა დააპაუზეს.
მისივე შეფასებით, მიმდინარე წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება სწორედ დაძაბული პოლიტიკური პროცესებით და დასავლეთთან გაუარესებული ურთიერთობებით შეიძლება აიხსნას.
„მიმდინარე წელს შემცირებული ინვესტიციები აშკარად კორელაციაშია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან საქართველოში, რომელსაც ჯერ კიდევ გაზაფხულიდან ვადევნებთ თვალს. ჩვენ რამდენიმე შემთხვევა ვიცით ძალიან მსხვილი ინვესტიციის, რომელიც გაჩერებულია, სწორედ იმის გამო რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხი. მათ შორის საუბარია ინვესტორებზე აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, რომლებიც შუა აზიიდან და არაბეთიდან დებდნენ თანხებს საქართველოში სწორედ იმიტომ რომ იმედი ჰქონდათ ჩვენ მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყანა ვიქნებოდით.
პირდაპირ გვეუბნებიან ჩვენი კლიენტები, რომ ეს ახდენს მათ გადაწყვეტილებაზე გავლენას. რამდენიმე ასეულობით მილიონიანი პროექტია გაჩერებული უძრავ ქონებაში, ტურისტულ სექტორში და ელოდება იმის გადაწყვეტას, ნამდვილად შევაჩერეთ ჩვენ ევროპული ინტეგრაცია თუ გავაგრძელებთ ევროპისკენ სვლას. ამიტომ ჩვენმა მთავრობამ უნდა გააკეთოს არამხოლოდ ძალიან მკაფიო გზავნილები, არამედ კონკრეტული ნაბიჯები, რომ პირველ რიგში, ევროპული ბიუროკრატები დარწმუნდნენ, რომ ნამდვილად ვაპირებთ, გავაგრძელოთ ევროპული გზა. მეორეს მხრივ, ამ ნაბიჯებმა მოიტანოს მეტი თავდაჯერებულობა და დაარწმუნოს ის ინვესტორები, რომლებიც აქ დებდნენ თანხა სწორედ იმიტომ რომ ევროპული მომავლის იმედი ჰქონდათ“, - განაცხადა შალვა ცხაკაიამ.
ცნობისთვის, 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოში შემომავალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 55%-ით შემცირდა და მან მხოლოდ $198 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2024 წლის 9 თვეში FDI-ის მოცულობა 966 მილიონი დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 40%-ით, ანუ 640 მილიონი დოლარით ნაკლებია.